მევენახეებმა აქცია გამართეს

ყვარლის რაიონში მევენახეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

სოფლების ახალსოფელის, ჭიკაანის, გავაზისა და ზინობიანის მოსახლეობამ ლაგოდეხი-ყვარელი-თელავის მთავარი მაგისტრალი გადაკეტა.

ადგილობრივები ჭიკაანში ღვინის ქარხნის გახსნასა და თეთრი ყურძნის ჩაბარებას ითხოვდნენ. გლეხების თქმით, ქარხნები ყურძენს არ იბარებენ, მოსავალი ფუჭდება. როგორც მევენახეების ნაწილმა აღნიშნა, გვალვამ და სეტყვამ ყურძენი დააზიანა და კერძო ქარხნები არ იბარებენ. ისინი სახელმწიფოს მოსავლის დაბინავებაში დახმარებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ ბანკის კრედიტებს ვერ გადაიხდიან.

მოსახლეობას გზა ნახევარი საათის განმავლობაში ჰქონდა გადაკეტილი. გზა ყვარლის რაიონული პოლიციის მისვლის შემდეგ გაიხსნა. აქციაზე მივიდნენ "რთველი 2014"-ის შტაბის წევრები და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი. მისი თქმით, სოფელ ჭიკაანის ღვინის ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობას ხვალიდან დაიწყებს და გლეხებისგან სამიდან ოთხი ათას ტონამდე ყურძენს ჩაიბარებს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, მოსახლეობას პროტესტის მიზეზი არ აქვს. მისივე თქმით, რქაწითელის ფასი ხარისხის მიხედვით განისაზღვრება. დაუზიანებელი ყურძენი ერთი ლარი ეღირება, ხოლო დაზიანებულ ყურძენში სახელმწიფო გლეხებს კილოგრამში 50 თეთრს გადაუხდის.