მოქალაქეებს ონლაინ აზარტულ თამაშებში შესაძლოა, ხელახალი რეგისტრაცია დასჭირდეთ. ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ამის მიზანი მსგავსი ტიპის თამაშებში არასრულწლოვანთა ჩართულობის დაცვა და გამორიცხვაა.
„არასრულწლოვან პირთა თამაშში ჩართულობისგან დასაცავად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშებში გაუქმდეს ყველა აქამდე რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიში და სავალდებულო გახდეს მათი ხელახალი რეგისტრაცია, შესაბამისი იდენტიფიკაციის შემდეგ,“-ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.
ამასთან, პროექტის მიხედვით, კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 1-ლი სექტემბერი, რადგან აღნიშნული ვადა სრულად საკმარისია ბიზნეს ოპერატორებისთვის, რათა მათ დროულად მოახდინონ ცვლილებებთან თავიანთი საქმიანობის მისადაგება.
ცნობისთვის, საქართველოში 2018 წელს ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანიიდან 5 სათამაშო ბიზნესი იყო. ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. მათ შორის, 2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,050 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.