"2020 წელს თბილისში რამდენიმე დიდი გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება, დაწყებული პროექტების ნაწილი კი, მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება"

2020 წელს თბილისში რამდენიმე დიდი გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება, დაწყებული პროექტების ნაწილი კი, მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია ქეთევან წამებულის, წერეთლის, ვაჟა-ფშაველას გამზირების სრულ რეაბილიტაციას გეგმავს.

„დაწყებული გვაქვს და გაზაფხულზე დასრულდება მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი სრულიად ახალი გზის მშენებლობა; საკმაოდ ვითარდება არსებული ტერიტორია, გვაქვს მისასვლელი გზების პრობლემა და დავიწყეთ ამ სამუშაოების განხორციელება. მოეწყობა ბეტონის გზა და გაზაფხულზე დასრულდება სამუშაოები. დაწყებული გვაქვს ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ასევე გაზაფხულზე დასრულდება თავისი გამწვანების სამუშაოებით, ახალი განათების ბოძებით.

ვაპირებთ საბურთალოს და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის პროექტის განხორციელებას. ასევე წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ქეთევან წამებულის გამზირების სრულ რეაბილიტაციას. აქაც ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება გვექნება როგორც ჭავჭავაძის გამზირზე, როგორც ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე. მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყლის სისტემები, შეიცვლება გაზის მილები. გამწვანება თავიდან განახლდება და დარწმუნებული ვარ, ეს გამზირებიც იქნება კეთილმოწყობილი და განახლებული, როგორც სხვა შემთხვევაში გვქონდა",- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2019 წლის ბოლოდან ასევე დაიწყება უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან წყნეთის გზატკეცილამდე დამაკავშირებელი გზის მშენებლობა; დასრულდება გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია.