მერია მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლებას გეგმავს. კახა კალაძემ ვიცე-მერს ორი კვირის ვადა მისცა, რომ შესაბამის კომპანიასთან ერთად წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, რომ 2020 წლიდან დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლება.
კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ აქამდე მიკროავტობუსებთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია, რადგან კომპანია „სისტრას“ კვლევის შედეგებს ელოდა. მისივე თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ მიკროავტობუსების როლი მნიშვნელოვანია.
„აქამდე ჩვენი პოზიცია მიკროავტობუსებთან დაკავშირებით არ დაგვიფიქსირებია და ამის მიზეზსაც გეტყვით: იცით, რომ კომპანია „სისტრა“ ახორციელებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ანალიზს და ჩვენთვის გარკვეული პერიოდი საერთოდ უცნობი იყო მიკროავტობუსებს ექნებოდა თუ არა ადგილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემადგენლობაში. როგორც იცით, კვლევა ჩაბარებულია, ანალიზიც გაკეთებულია. ქალაქის რელიეფის თავისებურებებიდან, ქუჩების მოცულობიდან და გამტარიანობიდან გამომდინარე, ყველა ქუჩაზე შეუძლებელია იმ ავტობუსების გადაადგილება, რომელიც შემოგვყავს 8, 10 და 12- მეტრიანი ავტობუსები და სამომავლოდ ვგეგმავთ უფრო დიდი, 18 და 24- მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას. კვლევამ გვიჩვენა, რომ მიკროავტობუსების როლი და არსებობა მნიშვნელოვანია. საზოგადოებას უნდა გავუზარდოთ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა და მიკროავტობუსების როლი შიდასაუბნო დონეზე მნიშვნელოვანია.
კვლევა გვაჩვენებს, რომ მიკროავტობუსები აუცილებელია, შესაძლოა, არა იმ რაოდენობით, რაც იყო თავდაპირველად, მაგრამ ინტეგრირება მეტროსთან, ავტობუსებთან მნიშვნელოვანია. აქ დღეს გვაქვს მეორე პრობლემა - ამ ავტობუსების მდგომარეობა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. არ უნდა გვეწყინოს, როდესაც საზოგადოება გამოთქვამს უკმაყოფილებას ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში, რაც ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება დავიწყეთ, ძალიან დაიკლო მიკროავტობუსებში მგზავრების რაოდენობამ. რა თქმა უნდა, ყველას აქვს სურვილი განახლებული, მოწესრიგებული ავტობუსებით იმგზავროს“,- განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძე აცხადებს, მისთვის, როგორც მერისთვის მიუღებელია მიკროავტობუსების ამ მდგომარეობაში ხილვა ქალაქში.
„საშინელ მდგომარეობაშია გამონაბოლქვის თავლსაზრისით, ზოგს საერთოდ ძირი აქვს გავარდნილი. მე არ ვაპირებ რამდენიმე წელი ველოდოთ, როდის მოხდება ჩანაცვლება.
მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ უმოკლეს ვადაში, მაქსიმუმ 2 კვირაში კომპანიასთან, რომელთანაც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გაფორმდა ხელშეკრულება, თუ არ ვცდები 2030 წლამდე, მჭიდრო კომუნიკაციით დაიწყეთ მოლაპარაკება, რომ დავიწყოთ მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი“,-აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებასა და მეტროს რეაბილიტაციაზეც ისაუბრა.
„დავიწყეთ მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია, ვაგონების დამატება, სადგურების რეაბილიტაცია, რომელიც გაჭიანურდა, თუმცა ყველაფერი გაკეთდება ხარისხიანად და სამუშაოებს მივიყვანთ ბოლომდე.
დავიწყეთ ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა, ვგულისხმობ ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებას, რომელიც დღეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის. დისკომფორტულია მგზავრობა და ეკოლოგიური მიმართულებით დიდ პრობლემას წარმოადგენს. ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და 2020 წლის დასაწყისში ვფიქრობთ, რომ მთლიანად ჩავანაცვლებთ არსებულ ყვითელი ავტობუსების პარკს და დამატებით გვინდა 100 ერთეული ავტობუსის შესყიდვა. ვატარებთ პოლიტიკას, რომ საზოგადოებამ მეტად მოიხმაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ნაკლებად - კერძო ავტომობილები“,-აღნიშნა კალაძემ.