თბილისის მერია EBRD-ის გრანტით ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებას იწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, EBRD-თან თანამშრომლობით, 500 000 ევროს გრანტით, იწყება ნარჩენების მართვის სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა.
„უკვე შერჩეულია კონსორციუმი, რომელიც აერთიანებს გერმანულ და ბერძნულ საკონსულტაციო კომპანიებს. ამ კონსორციუმმა გაიმარჯვა EBRD-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ვიწყებთ ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემუშავებას, რომელიც დაეყრდნობა ევროპულ გამოცდილებას, გაწერს გრძელვადიან ხედვას, თუ რა თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეროვნული კანონმდებლობითა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის. რაც შეეხება საკონსულტაციო კომპანიის ვალდებულებებს, მათ შორისაა, არსებული მდგომარეობის შესწავლა და პირველადი კვლევა ნარჩენების განთავსებისა და რეციკლირების არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით; ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემის შეფასება, ნარჩენების შემადგენლობის შესწავლა, არსებულ საკანონმდებლო და სატარიფო სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოჩენა. ასევე, უნდა შემუშავდეს ტრანსპორტირებისთვის ახალი ოპტიმალური სამარშრუტო სქემები.
იცით, რომ ქალაქში გვაქვს სეპარირებული ურნები, თუმცა ეს საკმარისი არაა. გვინდა დამუშავდეს დოკუმენტი მთელი ქალაქის მასშტაბით, რომელზე დაყრდნობითაც გვინდა განვითარებული ქვეყნების საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ“, - აღნიშნა კალაძემ.