ჩინური კომპანია Huawei-ის ხელმძღვანელს და დამფუძნებელს რენ ჯენგფეის სჯერა, რომ მის კომპანიას შეუძლია გახდეს სმარტფონების ნომერ პირველი მწარმოებელი კომპანია მსოფლიოში Google-ის აპლიკაციებისა და მისი მხარდაჭერის გარეშეც.
როგორც ცნობილია, ეს ჩინური კომპანია ამ დროისთვის მსოფლიოს ნომერ პირველი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა. ის მიმდინარე წელს ყველა წინასწარი ვარაუდით უნდა გამხდარიყო ასევე მსოფლიოს ნომერ პირველი კომპანია სმარტფონების წარმოებაშიც, თუმცა აშშ-ის მიერ კომპანიის „შავ სიაში“ შეყვანამ და Google-ის, Intel-ისა და Broadcom-ის მიერ კომპონენტების მიყიდვის აკრძალვამ, ეს გეგმები გადადო და ამ დროისთვის ნომერ პირველი სმატფონების ბაზარზე კვლავ სამხრეთ კორეული Samsung-ი რჩება.
მიუხედავად აკრძალვისა, Huawei-ის სმარტფონებზე მოთხოვნა მაინც მაღალია ჩინეთის ბაზარზე, თუმცა მის ფარგლებს გარეთ მომხმარებლებში პოპულარობით ვერ სარგებლობს სწორედ აღნიშნული აკრძალვებიდან გამომდინარე.
შემქნილი სიტუაციის მიუხედავად, კომპანიის ხელმძღვანელი ოპტიმისტურად არის განწყობილი. მან აღნიშნულის შესახებ CNN Business-თან ინტერვიუში ისაუბრა და დასძინა, რომ უბრალოდ, ოდნავ მეტი დრო დასჭირდება, რომ კომპანია ამ ბაზარზე გახდეს ნომერ პირველი ბრენდი გაყიდვების მიხედვით.