2019 წლის პირველ ნახევარში ოფშორული ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია - 59 მლნ დოლარი პანამადან შემოვიდა, რაც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, საქართველოში ოფშორებიდან მომავალი რისკები კიდევ უფრო მწვავედ დგას, რადგან დღეს საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ე.წ. ელიტური კორუფციაა და ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების ანონიმური მფლობელობა „ელიტური კორუფციის“ ხელშემწყობი ფაქტორია.
„ოფიციალური სტატისტიკით, 2010-2018 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5 მლრდ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი ინვესტიციების 38%-ია. ყველაზე მეტი ნიდერლანდებიდან და გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა, ჯამში 3 მლრდ დოლარი. ნიდერლანდებიდან და გაერთიანებული სამეფოდან შემოსული ინვესტიციები სრულად ოფშორული სტატუსის მქონე კომპანიებს არ მიეკუთვნება, თუმცა, რთულია გამიჯვნა, რამდენია არაოფშორული ინვესტიცია. ცალსახად ოფშორული ტერიტორიებიდან პანამა ლიდერობს 300 მლნ დოლარით, შემდეგ მოდიან მალტა 239 მლნ დოლარით, ვირჯინიის კუნძულები - 96 მლნ დოლარით, ბელიზი - 64 მლნ დოლარით და ა.შ.
2019 წლის პირველ ნახევარში ოფშორული ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია პანამადან შემოვიდა - 59 მლნ დოლარი, რაც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება, კერძოდ კი შპს „ტურიზმის განვითარების ფონდს“, რომელიც საქართველოში რამდენიმე პროექტს ახორციელებს და მისი 100%-იანი წილის მფლობელი პანამაში რეგისტრირებული კომპანია FRANKSTON INTERNATIONAL-ია. აღნიშნული პანამური კომპანიის ბიძინა ივანიშვილთან კავშირს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ფონდის პროექტების განმახორციელებელი კომპანიების ყოფილი და მოქმედი დირექტორები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები არიან.
გარდა იმისა რომ პოლიტიკოსის ოფშორებთან კავშირი კორუფციისთვის ხელშემწყობი გარემოებაა, არსებობს ე.წ. პოლიტიკური მორალი, როდესაც ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსს, რომელსაც ცვლილებების განხორციელება შეუძლია, კომპანიის რეგისტრაციისთვის და გარკვეული გადასახადების გადახდისთვის სხვა ქვეყნის ბიზნეს გარემო უფრო ხელსაყრელად მიაჩნია, ვიდრე საკუთარი ქვეყანა, სადაც თანამოქალაქეები უფრო მაღალ გადასახადებს იხდიან და კომპანიის რეგისტრაციისთვის და ოპერირებისთვის განსხვავებულ რეგულაციებს ემორჩილებიან”,- აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.