საკრედიტო-საგარანტიო ფონდის პროექტი არ ამუშავდა, ეს ან ხელოვნური საბოტაჟია ან სამოხელეო დაუდევრობა. საჭიროების შემთხვევაში პროკურატურასაც კი მივმართავ, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ აუთვისებელ 20-მილიონიან საგარანტიო ფონდთან დაკავშირებით “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტით მცირე და საშუალო ბიზნესს საქმიანობის გააქტიურება შეეძლო, თუმცა მთავრობამ ის ჩააგდო, რაც კობერიძის შეფასებით, შესაძლოა, მიზანმიმართულად მოხდა.
“მექანიზმი არის ძალიან სწორი, იყო ძალიან სწორად გაკეთებული, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამაზე და ყველაზე მეტად, რაც სჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესს - ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, სწორედ ამისკენ იყო მიმართული. მინდა გითხრათ, რომ ახლანდელი მთავრობის, კერძოდ, ნათია თურნავას მინისტრობის პერიოდში ან ხელოვნური საბოტაჟია ამ პროექტის ან არის უბრალოდ დაუდევრობა სამოხელეო, როდესაც 20 მილიონი არის უკვე ბიუჯეტში ასახული, მცირე და საშუალო ბიზნესი ელოდება, რომ ეს პროგრამა დაიწყოს და ერთი პროექტიც კი არაა განხილული და დაწყებულიც კი არაა ამ პროექტების ათვისება. უკვე დეკემბერი დაიწყო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ პრაქტიკულად, ჩააგდეს ეს პროექტი. ეს არის გაკეთებული ან მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ეს 20 მილიონი გადაისროლონ რაიმე სხვა პროექტზე, რომელიც უფრო მეტად “მოსწონთ” თვითონ და იქ მოახდინონ მისი ათვისება, რასაც მე პირადად ძალიან მკაცრ კონტროლს გავუწევ და საჭიროების შემთხვევაში პროკურატურასაც კი მივმართავ, როგორც პარლამენტარი სამოხელეო გულგრილობისათვის, როდესაც დარგს შეეძლო ეკონომიკაში გაცილებით მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ამ პროექტით და რეალურად, ბიუჯეტმა მიიღო ზარალი. ეს პროექტი არ ამუშავდა, შესაბამისად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ვისაც შეეძლო გაეაქტიურებინა თავისი საქმიანობა და ამით ბიუჯეტისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტი სიკეთე მიეცა, ეს რეალურად არ განხორციელდა. დაველოდები მათ მოქმედებებს წლის ბოლომდე და შემდგომში, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგა”, - განაცხადა კობერიძემ.
ცნობისთვის, 20-მილიონიანი საგარანტიო ფონდი, რომელიც მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე წვდომის გაზრდის მიზნით გამოიყო, აუთვისებელია. საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ქვეშ 1-ელი აპრილიდან ამოქმედდა, კომერციულ ბანკებთან ხელშეკრულებებს კი 25 ივლისს მოეწერა ხელი.