საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი, უცვლელად, 0%-ზე დატოვა. კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ფინანსური სისტემა პოტენციური შოკების მიმართ მდგრადობას ინარჩუნებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას აქვეყნებს რომლის თანახმადაც, კონტრციკლური ბუფერი, რომელიც მიზნად ეკონომიკის ისეთი ჭარბი დაკრედიტების ზრდის შეზღუდვას ისახავს, რომელიც სისტემური რისკების ზრდას იწვევს, უცვლელად რჩება.
„2019 წლის დასაწყისიდან სესხების ზრდა, ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის ამოქმედების შედეგად, მოსალოდნელი ტენდენციით ხასიათდება. მიმდინარე წლის ოქტომბერში საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.9% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც გასულ პერიოდებში ჭარბ საკრედიტო ზრდასა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს. კომიტეტის შეფასებით, არსებული ტენდენციით საკრედიტო ზრდა საშუალოვადიან პერიოდში მდგრად დონეს დაუახლოვდება.
საბანკო სექტორი მაღალკაპიტალიზირებული და ლიკვიდურია და მომგებიანობის მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს, ხოლო უმოქმედო სესხების წილი მთლიან დაკრედიტებაში კვლავაც დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკრედიტო ციკლის აღმავალ ფაზაში უმოქმედო სესხების წილი, როგორც წესი, შემცირებით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, არ უნდა მოხდეს აღნიშნული მაჩვენებლის ზედმეტად ოპტიმისტურად შეფასება.
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და საჭიროებისამებრ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის”,-აცხადებენ სებ-ში.
ცნობისთვის, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2020 წლის 26 თებერვალს გაიმართება.