თამბაქოზე გაძვირების შემდეგ, ქვეყანაში კონტრაბანდამ არნახულად იმატა. "ეისითი იმპაქტის" კვლევის მიხედვით, ამ მიზეზით საქართველოში წლიურად 10%-ით მოიმატა თამბაქოს არალეგალურმა შემოდინებამ აზერბაიჯანიდან, 34%-ით კი თურქეთიდან. სპეციალისტები კი პირდაპირ ამბობენ, რომ ახლა უკვე თუთუნის გაძვირება კონტრაბანდას კიდევ უფრო გაზრდის.
თამბაქოზე დაწესებული რეგულაციების პარალელურად, არალეგალურმა პროდუქციამ საკმაოდ იმატა, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. გარდა ამისა, თამბაქოზე ფასის ზრდის უმთავრესი მიზანი, რომ ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა შემცირებულიყო, არაეფექტური გამოდგა.
"ეისითი იმპაქტის" კვლევაში აღნიშნულია, რომ თამბაქოს გაძვირების გამო მხოლოდ 5.3%-მა დაანება თავი მოწევას. კომპანიის წამყვანი ეკონომისტი, ლიკა გოდერძიშვილი ამბობს, რომ მწეველთა თითქმის მესამედი, თამბაქოზე თავის დანებების ნაცვლად, ე.წ. გასახვევ თამბაქოზე გადავიდა.
„კვლევამ გამოავლინა, რომ არამწეველების 67%-მა მოწევას თავი 2 წლის წინ დაანება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ქცევაზე ახალ რეგულაციებს გავლენა არ მოუხდენია. თითქმის ყველა ამბობს, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა ან რელიგია, ან შვილიშვილების თხოვნა იყო.
რაც შეეხება აქტიურ მწეველს, მათი მესამედი აქტიურად აგრძელებს გასახვევი თამბაქოს მოხმარებას და ის, ვინც ჯერაც არ ეწევა გასახვევ თამბაქოს, მათი 16% ფიქრობს, რომ მომავალში თუთუნზე გადავა“, - განაცხადა ლიკა გოდერძიშვილმა.
საქართველოში თამბაქოს არალეგალური შემოდინება დღეს დიდი პრობლემაა, რადგან მეზობელ ქვეყნებში სიგარეტის ფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე - ჩვენთან. ამიტომ, ბუნებრივია, რომ მწეველი გამოსავლს, შედარებით იაფ და კონტრაბანდული თამბაქოს შეძენაში ხედავს.
თამბაქოზე ფასის მატება რომ კონტრაბანდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ამაზე ხმამაღლა საუბრობენ ახალგაზრდა ფინასისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი "რეზონანსთან" ამბობს, რომ კონტრაბანდა ბოლო რამდენიმე წელია მზადრია, თუმცა ახლა შავი ბაზარი უფრო გააქტიურებულია.
"თამბაქოს კონტრაბანდა ბოლო თვეებია მზარდია, რაც გამოწვეულია აქციზის ზრდით, მაგრამ კონტრაბანდა არა მხოლოდ მიმდინარე წელს, არამედ ბოლო რამდენიმე წელია მატულობს.
შეუძლებელია, ისეთ მარტივ პროდუქტზე, როგორიც თამბაქოა, ფასები გავზარდოთ 2-3-ჯერ უფრო მეტად, ვიდრე ეს ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია და ამან კონტრაბანული რისკი არ შექმნას. ბუნებაში ასეთი რამ არ არსებობს. ასე მოხდა 2004-05 წლებში. მაშინ თამბაქოზე აქციზი დაახლოებით 50%-ით გაიზრდა და ისეთი დოზით მოიმატა ქვეყანაში კონტრაბანდულმა ნაკადმა, რომ გარკვეული სახის პრობლემები შეუქმნა, თამბაქოს ლეგალურ ბაზარს.
შეუძლებელია იმ ორგანოებმა, რომელთაც საზღვარზე კონტრაბადის კონტროლი ევალებათ, არსებული მდგომარეობა სრულად გააკონტროლონ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში ორი არაკონტროლირებადი ზონა და ტერიტორია გვაქვს", - განუცხადა "რეზონანსს" პაატა ბაირახტარმა.
თავდაპირველი ჩანაფიქრი, რომ თამბაქოს გაძვირება, მწეველთა რაოდენობას შეამცირებდა, არ გამართლდა. ახლა მწეველები გამოსავლის გზებს ეძებენ და არჩევანს თუთუნზე ანდა კონტრაბანდულ თამბაქოზე აკეთებენ. პაატა ბაირახტარი ამბობს, მსოფლიო პრაქტიკაშიც კი არ არსებობს ისეთი მაგალითი, რომ მწეველთა რაოდენობას შემცირება, თამბაქოზე დაწესებული მაღალი გადასახადის ხარჯზე ხდეობოდეს.
"სრული სისულელეა. თავიდანვე ვამბობდი, რომ მსოფლიო პრაქტიკაც აჩვენებს იმას, რომ თამბაქოს გაძვირებას მწეველების შემცირებაზე პირდაპირი კავშირი არ ჰქონდა. როდესაც ფასი გავზარდეთ, მომხმარებელი გადავიდა დაბალფასიან, უფილტრო სიგარეტზე. შემდეგ უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზი გავათანაბრეთ. ამის მერე, ხალხმა უფილტრო სიგარეტსაც დაანება თავი და თუთუნზე გადავიდა, ახლა თუთინის აქციზიც დავბეგრეთ. საზოგადოება თუთუნსაც ვეღარ იყიდის და ერთადერთი გზა რჩება კონტრაბანდული თამბაქო, აფხაზური, რუსული, სომხური და ა.შ", - დასძინა "რეზონანსთან" ბაირახტარმა.
კონტრაბანდის შეჩერება თითქმის შეუძლებელია. რადგან "კეთილშობილურმა" მიზნებმაც არ გაამართლა და მწეველთა მხოლოდ 5.3%-მა დაანება თავი მოწევას. დარგის სპეციალისტი ნიკო მჭედლიშვილი მიიჩნევს, რომ კონტრაბანდას ვერაფერი შეაჩერებს, რადგან შავი ბაზარი ეკონომიკურად მომგებიანია.
"კონტრაბანდა ყოველთვის იქნება, როდესაც ორ ბაზარს (სომხეთსა და საქართველოს შორის) ფასთა სხვაობაა. ამიტომ, გასაკვირი არ არის თუკი იზრდება. სომხეთსა და საქართველოს შორის უკვე იმდენად დიდია ფასთა სხვაობაა, რომ სიგარეტის რამდენიმე ბლოკის შემოტანაც კი, კონტრაბანდისტებს საკმაოდ დიდი მოგებას უტოვებს. კარგი იქნება თუ მთავრობა დაიწყებს მოლაპარაკებებს ანდა კონსულტაციებს სომხეთთან, რომ მათაც შეძლონ ფასების გაზრდა, რათა კონტრაბანდა შემცირდეს მაინც. გამომდინარე იქიდან, რომ არალეგალური საქონლის შემოტანა ეკონომიკურად მომგებიანია, ამას ვერანაირი ზომებით ვერ შეაჩერებ. ხალხი ასაწონ თამბაქოზე გადაერთო. აქედან გამომდინარე, რთულია იმის თქმა, რამდენად შემცირდა მწეველთა რაოდენობა. მგონია, ზუსტად იმ რაოდენობით იყო შემცირებული, როგორც აქციზური მარკების გაყიდვის მაჩვენებელია.
უბრალოდ ხალხის გადაერთო თუთუნზე, შესაბამისად, მთავრობა აქაც იძულებული გახდა ფასი გაეზარდა. თამბაქოზე აქციზის აწევის შემდეგ, როგორი სტატისტიკა გვექნება, ეს ჯერ არავინ იცის", - განაცხადა "რეზონანსთან" მჭედლიშვილმა.
გვანცა წულაია
გაზეთი "რეზონანსი"