"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ქვეყანაში მოქმედი ოფშორული კომპანიების შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოში სულ 3,000-მდე ისეთი კომპანიაა, რომლის დამფუძნებელიც ან მეწილეც ოფშორულ ზონებში - ე.წ. "საგადასახადო სამოთხეში" რეგისტრირებულია. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, 2010-2018 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5 მლრდ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი ინვესტიციების 38%-ია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მიმოხილვას მცირედი შემოკლებით:
ოფშორები და საქართველო
საქართველოში ოფშორები აქტუალური თემაა, რადგან ქვეყანაში ბევრი ოფშორული ან მისი შვილობილი კომპანია ოპერირებს. დღეს საქართველოს სამეწარმეო რეესტრში 3,000-მდე კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა მთლიანი ან გარკვეული წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა. მაგალითად, 1,000-მდე კომპანია დიდ ბრიტანეთში შემავალ ოფშორებშია რეგისტრირებული, ვირჯინიის კუნძულებზე დაახლოებით 250 კომპანიაა, კვიპროსზე - 280, პანამაში - 74, სეიშელის კუნძულებზე - 63, ამერიკის სამოაში - 80, ბაჰამის კუნძულებზე 12 და ა.შ.
მიმდინარე წლის 13 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე კომენტარის გაკეთების დროს განაცხადა: „რომ იცოდეთ, სხვადასხვა შეფასებით, საქართველოს ისტორიის განმავლობაში ყოველწლიურად, რომ შემოდიოდა უცხოური ინვესტიციები, 60-70% სინამდვილეში თავისი ბუნებით ქართული, ადგილობრივი ინვესტიციებია, გატანილია აქედან და შემოტანილია სხვადასხვა ქვეყნიდან ან ოფშორიდან“.
ინვესტიციების ოფიციალური სტატისტიკიდან რთულია ზუსტად გამიჯნო რამდენი შემოდის ოფშორებიდან. მითუმეტეს, როცა მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია აღრიცხული ქვეყნების მიხედვით და სხვა სახის ინვესტიციებზე მსგავსი ინფორმაცია არ გვაქვს.
ოფიციალური სტატისტიკით, 2010-2018 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5 მლრდ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი ინვესტიციების 38%-ია. ყველაზე მეტი ნიდერლანდებიდან და გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა, ჯამში 3 მლრდ დოლარი. ნიდერლანდებიდან და გაერთიანებული სამეფოდან შემოსული ინვესტიციები სრულად ოფშორული სტატუსის მქონე კომპანიებს არ მიეკუთვნება, თუმცა, რთულია გამიჯვნა, რამდენია არაოფშორული ინვესტიცია. ცალსახად ოფშორული ტერიტორიებიდან პანამა ლიდერობს 300 მლნ დოლარით, შემდეგ მოდიან მალტა 239 მლნ დოლარით, ვირჯინიის კუნძულები - 96 მლნ დოლარით, ბელიზი - 64 მლნ დოლარით და ა.შ.
2019 წლის პირველ ნახევარში ოფშორული ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია პანამადან შემოვიდა - 59 მლნ დოლარი, რაც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება, კერძოდ კი შპს „ტურიზმის განვითარების ფონდს“, რომელიც საქართველოში რამდენიმე პროექტს ახორციელებს და მისი 100%-იანი წილის მფლობელი პანამაში რეგისტრირებული კომპანია FRANKSTON INTERNATIONAL-ია. აღნიშნული პანამური კომპანიის ბიძინა ივანიშვილთან კავშირს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ფონდის პროექტების განმახორციელებელი კომპანიების ყოფილი და მოქმედი დირექტორები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები არიან. ასევე, საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, „ტურიზმის განვითარების ფონდი” და ბანკი „ქართუ“ ერთსა და იმავე იურიდიულ მისამართზე არიან რეგისტრირებული. FRANKSTON INTERNATIONAL-ია ბიძინა ივანიშვილის მთავარი საინვესტიციო კომპანიის - „თანაინვესტირების ფონდის“ 100%-ის წილის მფლობელიც.
2018 წლის ოქტომბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორულ კომპანიებზე კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან სულ მცირე 9 ოფშორული კომპანია და 70-ზე მეტი საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაციაა ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული. მართალია, პოლიტიკოსის კავშირი კერძო სექტორის კომპანიებთან, მათ შორის ოფშორულთან, ყოველთვის კანონის დარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის სერიოზული პოტენციური წყაროა, მითუმეტეს მაშინ, როცა ხელისუფლების ყველა შტო ერთი პარტიის ხელშია. ასევე, რადგან ოფშორულ კომპანიებს ძირითადად ფულის წარმომავლობის შესანიღბად და დაბალი გამჭვირვალობის გამო ირჩევენ, ეს გარემოება დამატებით ეჭვებს აჩენს.
2016 წელს გამოქვეყნებულ „პანამის დოკუმენტებში“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც იყვნენ მოხსენიებული. 2016 წლის აპრილში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ოფშორული კომპანია მითითებული არ ჰქონდა თანამდებობის პირის დეკლარაციაში, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობის დროს შეავსო.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების გავლით რუსეთის მოქალაქეები საქართველოში მნიშვნელოვან კაპიტალს ფლობენ და რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტს აკონტროლებენ. მათ შორის არის თბო და ჰიდრო ელექტროსადგურები, საწვავის ბაზარზე მოქმედი კომპანიები, ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანიები, „ბილაინი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ და ა.შ.
ოფშორული კაპიტალის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა გამართლებული არ არის და მას ბოლომდე არცერთი ქვეყანა კრძალავს, მაგრამ განვითარებული ქვეყნების პოლიტიკური კულტურისთვის მიუღებელია პოლიტიკოსს ან მასთან დაკავშირებულ პირებს გააჩნდეთ ოფშორებთან რაიმე სახის კონტაქტი. ამის კარგი მაგალითი იყო „პანამის დოკუმენტების“ სკანდალი, როდესაც, მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს ოფშორული კომპანიის 30 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების წილის გაყიდვაზე მოუწია განმარტებების გაკეთება. თან ეს შეეხებოდა 6 წლის წინანდელ ამბავს, როდესაც პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ ოფშორული კომპანიის წილისგან „გათავისუფლდა“.
გარდა იმისა რომ პოლიტიკოსის ოფშორებთან კავშირი კორუფციისთვის ხელშემწყობი გარემოებაა, არსებობს ე.წ. პოლიტიკური მორალი, როდესაც ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსს, რომელსაც ცვლილებების განხორციელება შეუძლია, კომპანიის რეგისტრაციისთვის და გარკვეული გადასახადების გადახდისთვის სხვა ქვეყნის ბიზნეს გარემო უფრო ხელსაყრელად მიაჩნია, ვიდრე საკუთარი ქვეყანა, სადაც თანამოქალაქეები უფრო მაღალ გადასახადებს იხდიან და კომპანიის რეგისტრაციისთვის და ოპერირებისთვის განსხვავებულ რეგულაციებს ემორჩილებიან.
საქართველოში ოფშორებიდან მომავალი რისკები კიდევ უფრო მწვავედ დგას, რადგან დღეს საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ე.წ. „ელიტური კორუფციაა” და ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების ანონიმური მფლობელობა „ელიტური კორუფციის“ ხელშემწყობი ფაქტორია. ევროპარლამენტის 2018 წლის 14 ნოემბრის რეზოლუციაში, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებას შეეხება, აღნიშნულია, რომ მაღალი დონის ელიტური კორუფცია სერიოზულ საკითხად რჩება.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მაისში ლონდონში გაიმართა ანტი-კორუფციული სამიტი, რომელსაც საქართველოს მთავრობის მხრიდან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრნენ. ლონდონის ანტიკორუფციული სამიტი დაემთხვა ბოლო დროის უდიდეს საერთაშორისო სკანდალს - „პანამის დოკუმენტების” გამოქვეყნებას. სამიტის მონაწილე ექვსმა ქვეყანამ (ავღანეთი, საფრანგეთი, კენია, ნიდერლანდები, ნიგერია და დიდი ბრიტანეთი) ვალდებულება აიღო, აწარმოონ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების რეალური ბენეფიციარების რეესტრი. დამატებით ექვსმა ქვეყანამ (საქართველო, ავსტრალია, ინდონეზია, ირლანდია, ახალი ზელანდია, ნორვეგია) განაცხადა, რომ ასეთი რეესტრის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს.
განვითარებული ქვეყნების გამოცდილება და რეკომენდაციები
„პანამის დოკუმენტების“ სკანდალის შემდეგ განვითარებულ, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ქვეყნებში ოფშორული ტერიტორიებისადმი და კომპანიებისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა, რადგან ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო. ოფშორული კომპანიების და მათი კლიენტების შესახებ ასეთი მოცულობის ინფორმაციას არასდროს „გაუჟონავს“. სკანდალს მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა, გადადგა ისლანდიის პრემიერ მინისტრი და სხვადასხვა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, ზოგიერთ პოლიტიკოსს კი განმარტებების გაკეთება მოუწიათ, მაგალითად კანადის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრებს. ევროპარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია. 10 თვიანი მუშაობის შემდეგ ევროკავშირმა 17 ქვეყნისგან შემდგარი ოფშორების „შავი სია“ გამოაქვეყნა, რომლებთან ურთიერთობებს უფრო ყურადღებით ეკიდება და ასევე გარკვეული ოპერაციების დროს გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტები მოითხოვა.
ბოლო წლებში განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად განიხილავენ ოფშორებიდან მომავალი რისკების შემცირების შესაძლებლობებს და თანდათან მკვიდრდება ოფშორული კომპანიების მფლობელთა გამჟღავნების მაღალი სტანდარტი, რაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. ანტიკორუფციული ქსელის წევრი საქართველოცაა და შესაბამისად, ეს რეკომენდაცია მასაც ეხება. მეტიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაღალი დონის კორუფციის არსებობის გამო, აღნიშნული რეკომენდაციის შესრულება აუცილებელიცაა.
საქართველოში აუცილებლად არის შესამუშავებელი გარკვეული წესები ოფშორულ კომპანიებთან მიმართებით. საქართველომ უნდა შეასრულოს OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის რეკომენდაციები და ოფშორული კომპანიების მფლობელთა გამჟღავნება უნდა მოითხოვოს მინიმუმ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს კომპანიები ან მათი შვილობილი კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში, „საპარტნიორო ფონდის” პროექტებში ან სხვა სახელწიფო პროგრამებში მიიღებენ მონაწილეობას, - აღნიშნულია მიმოხილვაში.