28 ნოემბერს, 10:00 საათზე, ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით, სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისში“ საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი გაიხსნება, რომლის მიზანია, მხარეებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და სამომავლო პარტნიორობის დამყარება.
დამსაქმებელთა ასოციაციის ცნობით, თბილისს ამ დღისთვის 11 თურქული კომპანია ეწვევა ენერგეტიკის სექტორიდან. ამასთან, ფორუმს სფეროთი დაინტერესებული ადგილობრივი მეწარმეები დაესწრებიან და ორმხრივ (B2B) შეხვედრებს გამართავენ.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა დამწყებ მეწარმეებს. ადგილობრივი სტარტაპების წარმომადგენლებს, რომლებიც საკუთარ პროდუქტსა თუ მომსახურებას პრეზენტაციებისა და "ნეთვორქინგის" საშუალებით შესთავაზებენ მათთვის რელევანტურ, ბაზარზე პოზიციონირებულ ქართულ და უცხოურ კომპანიებს.
ღონისძიების მონაწილე სამ მხარეს - ქართველი გამოცდილი მეწარმეებს, სტარტაპებსა და თურქული კომპანიებს, საშუალება ექნებათ კონკრეტული ბიზნესწინადადებები შესთავაზონ ერთმანეთს და დასახონ ურთიერთთანამშრომლობის გეგმები.