ფოთში საზღვაო სასწავლებლის მშენებლობა იწყება. შესაბამისი თანხა მთავრობის განკარგულებით უკვე გამოიყო. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
მათივე განმარტებით, სასწავლებელი ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის ყოფილ შენობაში განთავსდება. საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში მოხდება მშენებლობაზე სატენდერო პროცედურების დაწყება.
საქართველოს მთავრობის #2441-ე განკარგულებით, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, დაევალა ბათუმის საზღვაო აკადემიის, ფოთის ფილიალის დაფინანსება 5 876 146 ლარით. თანხა მიმართული იქნება შესაბამისი შენობა ნაგებობის რეაბილიტაციის მიზნით (ფოთში, წმინდა გიორგის #24-ში მდებარე ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა).
უმაღლესი სასწავლებლის კერა ფოთს ახალ დატვირთვას შესძენს და ხელს შეუწყობს ქალაქში ახალგაზრდა თაობის დარჩენას, შემდეგ კი მათ ადგილზე დასაქმებას. სასწავლებელი თავისი პროფილით სანავსადგურო ქალაქის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. 1938 წელს ამპირის სტილში აგებული, ფოთის ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და გასული საუკუნის არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს. აქ ჰიდრომელიორაციული ტექნიკური სასწავლებელი, მოგვიანებით კოლეჯი და ფოთის უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა. ნგრევის პირას მისული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის და იქ საზღვაო სასწავლებლის განთავსების საკითხებში აქტიურადაა ჩართული სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია.