„თბილისის მიკროავტობუსის" დირექტორი - თუ მგზავრობის ტარიფი გაიზრდება, შევძლებთ მომსახურება იმ დონეზე ავიყვანოთ, რომ ახალ ავტობუსებს არ ჩამოვრჩეთ

„თბილისის მიკროავტობუსის" გენერალური დირექტორი, დავით ასანიძე განმარტავს, რატომ აქვს კომპანიას 115 მილიონი ლარის ზარალი.

როგორც დავით ასანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომპანია პასუხისმგებლობით ეკიდება მიკროავტობუსების საკითხს, თუმცა ასახელებს არაერთ პრობლემას, რამაც, მისი თქმით, კომპანია ზარალზე გაიყვანა იმ ფონზე, რომ წლებია მგზავრობის ტარიფი არ გადახედილა.

„ახალი ავტობუსები ჩამოვიდა ქალაქში, ამან მგზავრები მოგვაკლო. მიკროავტობუსები ამორტიზირებულია. ვგეგმავდით, რომ 2018 წელს გამოგვეცვალა ყველა მანქანა, მაგრამ ლარის გაუფასურების გამო, რომელმაც 50 მილიონი ლარის ზარალი მოგვაყენა, ავტოპარკის განახლება ვერ მოხერხდა. ამასთან, დაახლოებით 100%-ით გაძვირდა საწვავი. 2011 წლის და დღევანდელი ფასები, რომ შევადაროთ, ყველაფერზე ფასი გაორმაგებულია, გარდა ჩვენი მგზავრობისა.

ზოგადად, არც საქალაქო ავტობუსები არ გაძვირებულა, მაგრამ საქალაქო ტრანსპორტი არის სუბსიდირებაზე, დოტაციაზე მერიის მხრიდან და დარწმუნებული ვარ, ბიუჯეტიდან გაიზარდა დოტაციის თანხები. ჩვენ რაც შეგვეხება, ჩვენი ერთადერთი შემოსავალი მგზავრობის საფასურიდან შემოსული ფულია.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ როდესაც ოპერირება დავიწყეთ, გათვლა იყო, რომ მძღოლს 40 ლარი უნდა დარჩენოდა დღეში ხელზე, რაც მაშინ ნორმალურ თანხად ითვლებოდა. დღეს კი უკვე მცირე ციფრია. ავტობუსების მძღოლებს მეტი ხელფასი აქვთ, ვიდრე ჩვენი მიკროავტობუსების მძღოლებს, ამიტომ ბევრი მძღოლი ტოვებს სამსახურს.

რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ მიკროავტობუსები ამორტიზირდა, გამოცვლას მოითხოვს, მგზავრობა არაკომფორტულია, არის პრობლემა გამონაბოლქვის კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიკროავტობუსს ტექდათვალიერება აქვს გავლილი, ხდება, რომ ტექნიკური დათვალიერება შეიძლება გაიაროს და მერე ცუდი საწვავის გამო ბოლავდეს. მინდა გითხრათ, რომ საკითხს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. თუ ეს პრობლემები ტარიფში აისახება, შევძლებთ, რომ მომსახურება იმ დონეზე ავიყვანოთ, რომ ახალ ავტობუსებს არ ჩამოვრჩეთ, ის პრობლემები რაც კონდიცირებას, გამონაბოლქვს თუ სხვა საკითხებს ეხება, გამოსწორდეს. გამოსავალს იმაში ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი მგზავრობის ფასში აისახოს“,-აცხადებს „თბილისის მიკროავტობუსის“ დირექტორი.

მისივე თქმით, დედაქალაქს 1500 მიკროავტობუსი ემსახურება და ერთ წელში ცხადია, ვერ მოხერხდება მთლიანად ჩანაცვლება, მაგრამ კომპანია მზადაა, ტარიფის გადახედვის შემთხვევაში, ადეკვატურ ვადებში ავტოპარკი განაახლოს.

ცნობისთვის, მერია მიკროავტობუსების პარკის განახლებას გეგმავს. დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს ორკვირიანი ვადა მისცა, რომ შესაბამის კომპანიასთან ერთად წარმოადგინოს გეგმა, რომ 2020 წლიდან მიკროავტობუსების ჩანაცვლება დაიწყოს.