აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისთვის დაფინანსების შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN იუწყება.
მისი წყაროს ცნობით, NАТО-ს ბიუჯეტის 22% ვაშინგტონის შემოწირულობებით ივსებოდა. ახლა კი იგეგმება მისი 16%-მდე შემცირება.
ტელეკომპანიის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, დაფინანსების შემცირებიდან მიღებულ სახსრებს აშშ ევროპის ცალკეული ქვეყნების უსაფრთხოებას და ცალკეულ პროგრამებს მოახმარს. მათ შორის არის უკრაინისა და საქართველოს დახმარების პროგრამები. CNN-ის ცნობით, ალიანსში შემავალი სხვა ქვეყნები მოახდენენ ამ დანაკლისის კომპენსირებას, რომელიც ამერიკის შემცირებით იქნება გამოწვეული.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ გააკრიტიკა ალიანსის წევრი სახელმწიფოები, ვინაიდან ისინი არ ხარჯავდნენ საჭირო თანხებს კოლექტიურ უსაფრთხოებაზე. ის წევრი ქვეყნებისგან ითხოვდა უმოკლეს დროში გაეზარდათ სამხედრო დანახარჯები მათი მშპ-ს 2%-მდე. გასული წლის სამიტზე კი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ცალკეულმა ქვეყნებმა დანახარჯები 4%-მდეც კი გაზარდეს.