ფუფუნების საგნების მწარმოებელი კომპანია LVMH-ის ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ მილიარდერების „ცოცხალ“ რეიტინგში ბილ გეითსს გადაასწრო და Forbes-ის მიხედვით, მსოფლიოს ნომერ მეორე უმდიდრესი ადამიანი გახდა.
Forbes-ის მთვლელის Real-Time Billionaires List-ში მისი ქონება გუშინდელი მონაცემებით 2,8 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 107,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, ეს კი საკმარისი აღმოჩნდა მას მეორე ადგილზე გადაენაცვლა მილიარდერების რეიტინგში. მასზე მაღლა მხოლოდ ჯეფ ბეზოსია 110,5 მილიარდის კაპიტალით. ბილ გეითსის ქონებამ კი 107 მილიარდი შეადგინა და ის ამ სიაში მესამე ადგილზე გადავიდა. Forbes-ის „ცოცხალი“ რეიტინგი ყოველ ხუთ წუთში ახლდება და ამიტომ ის მილიარდერების მფლობელობაში არსებული კომპანიების სააქციო ღირებულებებსა და სხვა ქონებას ცოცხალ რეჟიმში ითვლის.
მიუხედავად იმისა, რომ არნო Forbes-ის ცოცხალ რეიტინგში მეორე ადგილზეა, ის მესამე ადგილზე რჩება მეორე მთვლელის Bloomberg’s Billionaires Index-ის რეიტინგში, სადაც მისი ქონება 103 მილიარდადაა შეფასებული, ბილ გეითსის კი 110 მილიარდ დოლარად. Bloomberg-ის რეიტინგი კი დღეში ერთხელ ახლდება.
Bloomberg-ის რეიტინგის თანახმად ბერნარ არნოს ქონება მიმდინარე წელს 34 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი. მან ივლისში გადალახა 100 მილიარდიანი ზღვარი და გახდა მესამე პირი, რომელმაც ეს მოახერხა ჯეფ ბეზოსისა და ბილ გეითსის შემდეგ.
როგორც ცნობილია, ბერნარ არნო გახლავთ LVMH-ის ხელმძღვანელი, რომლის მფლობელობაშია ისეთი ბრენდები როგორებიცაა Louis Vuitton, Christian Dior და Moet & Chandon — გასულ კვირას კი ამ ჩამონათვალს Tiffany & Co. შეემატა, რომელიც კომპანიამ 16,2 მილიარდ დოლარად შეიძინა.