18-24 ნოემბერს გამართული საერთაშორისო სამეწარმეო პროექტის “გლობალური მეწარმეობის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გახორციელებაში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია აქტიურად იყო ჩართული. ამის შესახებ ინფორამციას დამსაქმებელთა ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, “გლობალური მეწარმეობის კვირეული’’ არის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სამეწარმეო პროექტი, რომლის მიზანია სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირება, ეკოსისტემის ლიდერების დაკავშირება, მეწარმეობის პოპულარიზაცია, დამწყები მეწარმეების მოტივაცია და მხარდაჭერა.
„ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდა მეწარმეების და ინოვატორების ბიზნეს საქმიანობის განვითარების ხელშეწყობაა. სწორედ ამ მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება ვყოფილიყავით “Get in the ring Tbilisi” მთავარი სპონსორი, ანუ შესაძლებლობა მიგვეცა ჩვენი ფინანსური ხელშეწყობით, ამ კონკურსის გამარჯვებულმა მონაწილეობა მიიღოს 2020 წლის გაზაფხულზე დაგეგმილ Get in the Ring -ის საერთაშორისო ფინალში, სხვა მონაწილე 100 ქვეყანასთან ერთად, რაც საშუალებას მისცემს შეხვდეს პოტენციურ ინვესტორებსა და მენტორებს, მიიღოს დაფინანსება და ფულადი ჯილდო,” - განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ.
ყოველი წლის ნოემბერში პროექტის ფარგლებში 170-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად იმართება 30 000-ზე მეტი ღონისძიება, 10 000-ზე მეტი პარტნიორის მიერ, რომელშიც ჩართულია 20 მილიონზე მეტი ადამიანი. გლობალური მეწარმეობის კვირეული გახორციელდა გლობალური სამეწარმეო ქსელის მიერ, საქართველოში აშშ-ს საელჩოს დაფინანსებით, ბიზნეს აქსელერატორ სპარკთან თანამშრომლობითა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით.