"რეზონანსი" - ახალი "მარშრუტკების" შემოყვანისთვის კომპანია მგზავრობის გაძვირებას ითხოვს

კახა კალაძემ გაუმართავი და მოუწესრიგებელი მიკროავტობუსების განახლების გეგმის შესამუშავებლად თბილისის ვიცე-მერს ორი კვირის ვადა მისცა, რომ კომპანიასთან ერთად 2020 წლიდან ყვითელი სამარშრუტო ტაქსების ჩანაცვლება დაიწყოს. სპეციალისტების ამბობენ, რომ პარკის განახლება აქამდეც უნდა მომხდარიყო, რადგან "მარშრუტკების" გამონაბოლქვი, როგორც ადამიანის ჯანმრთელობას ასევე გარემოს დიდად აზიანებს.

კალაძე მოლაპარაკებების დაწყებას უმოკლეს ვადაში ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ კონტარქტის ამოწურვამდე ჯერ კიდევ შორია, დედაქალაქის მთავრობას მსგავსი პრაქტიკა უკვე აქვს, როცა მერის პირადი გადაწყვეტილებით, "სითი პარკთან" კონტრაქტის ამოწურვამდე 10 წლით ადრე ურთიერთობა შეწყდა.

თავის მხრივ, "თბილისის მირკოავტობუსებში" მზად არიან მომავალი წლიდან ყვითელი "მარშრუტების" განახლება დაიწყოს, ოღონდ იმ შემთხევაში თუკი, ეს ტარიფის გაზრდის ხარჯზე მოხდება.

"თბილისის მიკროავტობუსების" გენერალური დირექტორის დავით ასანიძის განცხადებით, კომპანიის ზარალმა "ასტრონომიულ ციფრს" მიაღწია, რასაც კომპანიის მფლობელები საკუთარი ჯიბიდან ფარავენ. ამიტომ თუ მიკროავტობუსების პარკი განახლდება, მგზავრობის საფასური გაიზრდება.

„2011 წელს, როდესაც ლიცენზია მოვიპოვეთ, გაცვლითი კურსი იყო 1.65. ამაზე იყო ჩვენი ბიზნეს გათვლა და ჩადებული იყო კურსის 10-20%-იანი ცვლილება. მაშინ მთლიანად განვაახლეთ მიკროავტობუსების პარკი. დაახლოებით 63 მილიონი დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ.

დღეისათვის კურსი მნიშვნელოვნად შეცვლილია, თუმცა ეს არ ასახულა ტარიფზე. ასტრონომიულ ციფრს მიაღწია კომპანიის ზარალმა, რომელიც ამ დროისთვის 115 მილიონია და კომპანიის მფლობელები ფარავენ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ მივედით აქამდე. მოგეხსენებათ, ტარიფის ცვლილება მარტივი თემა არაა. ქალაქის ხელმძღვანელობასთან ამაზე ყოველთვის გვქონდა საუბარი და გაგებით ვეკიდებოდით იმ სოციალურ სიტუაციას, რაც ქალაქშია. ვცდილობდით, მაქსიმალურად ისე გადაგვეტანა ეს, რომ არ გაძვირებულიყო მგზავრობა.

დღევანდელი და 2011 წლის ფასები რომ შევადაროთ ყველაფერზე, თითქმის გაორმაგებულია, 100%-ით გაძვირდა საწვავიც. გამოსავალი ისაა, რომ ეს საკითხები მგზავრობის ფასში აისახოს“, - აცხადებს დავით ასანიძე.

გაუმართავი და მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობისთვის საკმაოდ არაკომპორტულია, რის გამოც უკმაყოფილება არაერთხელ გამოითქვა. სპეციალეისტები ამბობენ, რომ მიკროავტობუსების შეცვლის ინიციატივა მართლაც სასიკეთოა, თუმცა ამ ყველაფერს უნდა მოჰყვეს საფუძვლიანი ანალიზი და ყველა რისკი სწორად შეფასდეს.

"ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი აცხადებს, რომ მიკროავტობუსების პარკის განახლება აქამდეც უნდა მომხდარიყო, რადგან ყვითელი "მარშრუტკები" ამორტიზებულია, რაც გარემოს მნიშვნელოვნად აზიანებს.

"ყველა მხარის ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ. ორ კვირაში შესაძლოა, გეგმა კი წარმოადგინონ, მაგრამ საუბარია, როდის ჩანაცვლდება მიკროავტობუსები. თბილისის მერის მხრიდან ეს განცხადება აქამდეც უნდა ყოფილიყო გაკეთებული და დღეს შესაძლოა, უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც ყოფილიყო გადადგმული კომპანიის მხრიდან.

რა რაოდენობის სამარშრუტო ტაქსიც არ უნდა იქნა ჩანაცვლებული, ყველა შემთხვევაში, უნდა იყოს გამართული, მძღოლები უნდა იყვნენ გადამზადებულნი და მათ იმაზე მეტი მგზავრი არ აიყვანონ, ვიდრე ტექნიკური მახასიათებელი მოითხოვს. სხვა მახასიათებლებიც უნდა იქნას გათვალისწინებული, რასაც უსაფრთხო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოითხოვს.

შესაძლოა, ტარიფის მომატება დღის წესრიგში მართლაც დადგეს. საერთოდ, ყველა მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძვირია, იაფი არ ღირს. გააჩნია როგორი მოლაპარაკება იქნება კომპანიასა და მერიას შორის. შესაძლოა, გარკვეულ ოქროს შუალედამდე მივიდნენ.

ტექნიკური ინსპექტირების გავლა, განსაკუთრებით კი გამონაბოლქვზე, ერთჯერადი მანიპულაციების შედეგად ხდება. უბრალოდ, გამორიცხულია 1500, 2000 და უფრო მეტი სატრანსპორტო საშუალება გადიოდეს ინსპექტირებას და ჰაერს მაინც აბინძურებდეს. აქ მანიპულაციას აქვს ადგილი. შესაძლოა, სატრანსპორტო კომპანიას შიდა პრობლემები აქვს, რომელიც აქამდე საზოგადოებამ არ იცოდა. ბიზნესის გამო, გარემოს ნუ დავაზარალებთ. ეს ელემენტრაული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხია", - განაცხადა "რეზონანსთან" ეკა ლალიაშვილმა.

მიკროავტობუსები რომ შესაცვლელია, ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა ახლა საკითხავია, რა კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისთვის, რომ გაუმართავი, მოუწესრიგებელი, ადამიანის ჯანმრთელობის და გარემოს დამაზიანებელი ყვითელი "მარშრუტკები" შეიცვალოს.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილის უჩნდება კითხვები, რამდენად არის შეფასებული და გაანალიზებული მოსალოდნელი რისკი. მოხდება თუ არა მგზავრობის გაძვირება და რა ბედი ელით დასაქმებულებს.

"შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თბილისის მიკროავტობუსების კომპანია და თბილისის მერია ერთმანეთთან შეთანხმებას ვერ აღწევენ. ქალაქის მერმა წარადგინა ფოტოები, რომელიც თბილისის მიკროავტობუსების წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებას უფრო ჰგავდა.

უდავოა, რომ მიკროავტობუსები შესაცვლელია. ცუდია, რომ თბილისის მიკროავტობუსების კომპანიამ ეს ეტაპობრივად არ გააკეთა. 2000 მიკროავტობუსის ერთდროულად შეცვლა ამ ეტაპისთვის სრულიად წარმოუდგენელია. ალბათ, თბილისის მიკროავტობუსების კომპანია და დედაქალაქის მერია კონკრეტულ გეგმაზე ვერ შეთანხმდებიან.

არსებობს რაღაც რისკები. ერთ-ერთია ტარიფების ზრდა, მეორეა რითი უნდა ჩანაცვლდეს. თუ ამას თბილისის მიკროავტობუსი ვერ მოახერხებს, ეს ხომ არ იქნება ის კომპანია, რომლის პრეზენტაციაც თბილისის მერმა პირველ ოქტომბერში გააკეთა? თუკი მოხდება სხვა კომპანიის შემოყვანა და რა ბედი ელის 2000-ზე მეტ დასაქმებულს, რომელსაც თბილისის ქუჩებში მგზავრები გადაჰყავს?

მიკროავტობუსები ტექნიკური დათვალიერების დროს მანიპულაციებს მიმართავენ. დიზელში ურევენ ბენზინს, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ინსპექტირების დროს შეფერილი კვამლიანობა აღარ ფიქსირდება. ამის შემდგომ კი, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ საწვავის ჩასხმას და ვიღებთ იგივე გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებას. აი, ასეთი მანიპულაციებით ხდება ინპექტირების გავლა", - აღნიშნა "რეზონანსთან" დავით მესხიშვილმა.

გვანცა წულაია

გაზეთი "რეზონანსი"