2021 წლის მაისში, საქართველო აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭომ მიიღო.
„ჩვენ უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2021 წელს აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა საქართველოში ჩატარდება. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ 2015 წელს თბილისში ჩატარდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური ფორუმი არის ბევრად უფრო მასშტაბური, როგორც მონაწილეების რაოდენობით, ისე იმ ღონისძიებებით, რომლებიც გაიმართება წლიური შეხვედრის ფარგლებში“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში ბანკის სათაო ოფისიდან ჩამოვა სპეციალური დელეგაცია და სამუშაო ჯგუფი დაიწყებს სერიოზულ მზადებას ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ორგანიზებისთვის.