ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი არ გამორიცხავს, რომ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების 200 ათას ლარიანი ზღვარი უცვლელი დარჩეს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ახლა ორი საკითხია, ერთი მხრივ, დაკრედიტების ზღვრის დაწევა სამშენებლო სექტორს წაახალისებს, ხოლო მეორე მხრივ, გაზრდის მსესხებელთა მოწყვლადობას. მისივე განცხადებით, ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც ქვეყნისთვის საუკეთესოა.
„ჩვენ დაგვევალა ანალიზი და ვაანალიზებთ. ამ ზღვრის ლოგიკა იყო, რომ ფიზიკური პირების ის რაოდენობა, რომელიც იპოთეკურ სესხს იღებდა, იყო საკმაოდ დიდი. ისეთი იპოთეკური სესხები, რომელიც ამ 200 ათას ლარიან ზღვარში ხვდება, არის დაახლოებით ბინების ის ზომა და მოცულობა, რომელიც ყველაზე გაყიდვადია და ჩაითვალა, რომ ეს ადამიანები არიან შედარებით ყველაზე მოწყვლადი, როდესაც ხდება მერყეობა კურსთან დაკავშირებით. ამის დასაცავად იყო გაკეთებული, თუმცა არის ახლა მეორე საკითხი, მეორე არგუმენტი, იმისთვის, რომ ბიზნეს აქტივობა ამ სფეროში, მშენებლობის სექტორში, მე მგონი, ბოლო რამდენიმე თვეა, საკმაოდ წამოწეულია, მეტი აქტივობა ხომ არ შევიტანოთ ამ სექტორში? ამ ორს შორისაა გადაწყვეტილება. ახლა დოლარში დაკრედიტებას რომ მიეცეს მეტი გასაქანი, შეიძლება ცოტა მეტი სტიმული მიეცეს დარგს. ანალიზი მიმდინარეობს, შევხედავთ, შეიძლება არც ჩამოვწიოთ. ასე არ არის კითხვა, რომ გინდა თუ არა ჩამოვწიოთ. ჩვენ ანალიზი დაგვევალა და არ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს ზღვარი დავტოვოთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გასულ კვირას, მთავრობის სხდომის დაწყებისას ფინანსთა მინისტრს დაავალა განიხილოს, რამდენად არსებობს დაკრედიტების 200 ათას ლარიანი ზღვრის 100 ათას ლარამდე შემცირების შესაძლებლობა.
გახარიამ აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად კეთდება.
აღნიშნული შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, 200 ათას ლარამდე სესხების გაცემა მხოლოდ ლარშია შესაძლებელი, მიმდინარე წლის იანვრიდან მოქმედებს.