2020 წლის ბიუჯეტი 300 მილიონი ლარით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ 300 მილიონი ლარით მეტი ღირებულების მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.
„მომავალი წლის პროექტებისთვის დაახლოებით, მილიარდ 300 მილიონ ლარს დავხარჯავთ. 2020 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება. ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ქალაქში სერიოზული პრობლემები გვაქვს, მაგრამ გპირდებით, რომ გამოწვევებისა და პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს გავაკეთებთ. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება იქნება. ბიუჯეტის დაახლოებით, 27-28% მიმართული იქნება ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად. ჩვენ წამოვიწყეთ და წარმატებით ხორციელდება ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა. ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ და დღეს ცხრა მოქალაქე, რომელმაც ამ პროგრამით ისარგებლა, ჩვენს ღონისძიებას ესწრება. მინდა, ჯანმრთელობა და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო ამ ადამიანებს. ჩვენ ყველას გვერდში დავუდგებით. არავინ არასდროს მიგვიტოვებია. არასდროს დაგვიყვია საზოგადოება პოლიტიკური ნიშნით და ვეხმარებით ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მან ღონისძიების მონაწილეებს მადლობა გადაუხადა, მათ შორის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა 100 წლის მერი მაღრაძეს, რომელიც ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდა.
დედაქალაქის მერის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას მთავრობის წევრები, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები, ასევე, ბიზნესის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.