ქართველ მეზღვაურთა დასაქმების ხელშესაწყობად, გერმანიის და ბრაზილიის შემდეგ, საქართველომ მემორანდუმი ქუვეითთანაც გააფორმა

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 31-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ქუვეითის წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა ქუვეითთან მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოაწერა ხელი.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და განიხილეს საქართველოს შესაძლებლობა, კვალიფიციური მეზღვაურებით მომარაგდეს ქუვეითის დროშის ქვეშ მცურავი გემები. სააგენტოს დირექტორის მხრიდან ხაზგასმული იქნა ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმი და მომზადების მაღალი დონე ზღვაოსნობისთვის საჭირო სხვა უნარებთან ერთად.

„დღეს დასაქმების კიდევ ერთი ბაზარი გაიხსნა საქართველოს მეზღვაურებისთვის“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ქუვეითის დროშის ქვეშ 300-მდე გემი (ჯამურად 2,4 მილიონი სუფთა ტონა, 4 მილიონი ტონა დედვეითი) დაცურავს. ფლოტის დიდ ნაწილს კი თანამედროვე, ახალი გემები შეადგენს, რომელთა უმეტესობა ტანკერია.

„ეს გარემოება განსაკუთრებით საინტერესო იქნება ჩვენი მეზღვაურებისთვის, რადგან მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ტანკერის სპეციალისტები არიან”, - აცხადებს თამარ იოსელიანი.