თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად დედაქალაქში განხორციელებული ბევრი მნიშვნელოვანი პროექტისა, კიდევ ბევრი პრობლემა და გამოწვევაა. ამის შესახებ კალაძემ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ორი წელი გავიდა, რაც ოფიციალურად დავიწყეთ მუშაობა. ძალიან ბევრი საინტერესო და ვფიქრობ, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ამ ორი წლის განმავლობაში. თუმცა ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, არსებობს გამოწვევები, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ყველა იმ თანამშრომლით, რომელიც დღეს თბილისის მოსახლეობას ემსახურება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელიც, ზოგადად, ქალაქს აწუხებს. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ბევრი საინტერესო პროექტი იქნება განხორციელებული, რითაც ვიამაყებთ“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, კახა კალაძემ დღეს ორწლიანი საქმიანობა შეაჯამა. პრეზენტაციაზე თბილისის მერიამ ფილმი წარმოადგინა, რომელიც ორი წლის განმავლობაში დედაქალაქის მთავრობის საქმიანობას ასახავს.