წელს საგადასახადო შემოსავლების გეგმა 130 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაჩვენებლების 10 თვის მონაცემებით, უკვე შესრულებულია დაგეგმილი მაჩვენებლის 84%-მდე.
„აღნიშნული მაჩვენებლისა და ნოემბერში წარმოდგენილი დეკლარაციების გათვალისწინებით, პროგნოზირებულთან შედარებით, წელს საგადასახადო შემოსავლების გეგმას 130 მილიონი ლარით გადავაჭარბებთ და 2019 წლის საგადასახადო შემოსავლები იქნება 11 მილიარდ 410 მილიონ ლარზე მეტი, რაც გახლავთ შემოსავლების სამსახურში განხორციელებული სისტემური რეფორმების შედეგი“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, გასულ წელთან შედარებით, წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1,1 მილიარდი ლარით მეტია ათვისებული გასულ წელთან შედარებით. მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივ ბიუჯეტიდან, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პროექტების შესრულების მაჩვენებელი.
„მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1,1 მილიარდი ლარით მეტია ათვისებული. კაპიტალური დანახარჯების ყოველთვიური დინამიკის გაუმჯობესების შედეგად, 2019 წელს ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობაც ეტაპობრივად იზრდება და წლის ბოლოსთვის მშპ-ს 2.5%-ის ფარგლებში იქნება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.