ფინანსთა მინისტრმა ფისკალური საბჭოს შექმნა დააანონსა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფისკალური საბჭოს შექმნა დააანონსა. „რაც შეეხება ფისკალურ ჩარჩოს, ფისკალურ წესებს, გამჭვირვალობას და ფისკალური რისკების მართვას, ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ მაღალ დონეზე ვართ, რაც უკვე საშუალებას გვაძლევს მთავრობამ და პარლამენტმა ერთობლივად ვიფიქროთ ფისკალური საბჭოს შექმნაზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ფისკალური ინსტიტუტების გაძლიერებისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტი მთავრობამ წარმატებით შეასრულა.

„ფისკალური საბჭოს შექმნა კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვებს ევროკავშირის სტანდარტს. საბჭო დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც აკვირდება მთავრობის ფისკალურ პოლიტიკას და არის მიუკერძოებელი მაკონტროლებელი. ასევე, უზრუნველყოფს ფისკალური პოლიტიკის მდგრადობასა და სტაბილურობას,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.