ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის თქმით, დღგ-ს თაღლითობის საქმეზე 62 ადამიანია დაკავებული, რომელთა შორისაც უმრავლესობა ყოფილი საჯარო მოხელეები, მათ შორის პროკურატურისა და შემოსავლების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები არიან.
როგორც მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში დღგ-ს თაღლითობის საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ პარლამენტში განაცხადა, უწყების მოქმედი თანამშრომლების მიმართ კითხვები არ არსებობს. მისივე თქმით, დაკავებულთა შორის ბიზნესმენები ნაკლებად არიან.
„დღგ-ს თაღლითობის საქმეზე 102 პირის მიმართაა აღძრული სისხლის სამართლის საქმე, აქედან პატიმრობაში 62 ადამიანი იმყოფება.
ძალიან მცდარადაა წარმოჩენილი აზრი, რომ ბიზნესმენები არიან დაკავებულები. მინდა გითხრათ, რომ ძნელია ამ 62 ადამიანისთვის ბიზნესმენის დარქმევა. ბევრი მათგანი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ყოფილი თანამშრომლები არიან, მათ შორის შემოსავლების სამსახურის, საგამოძიებო სამსახურის, მეტსაც გეტყვით, პროკურატურის. ასევე არის რამდენიმე კვაზი ბიზნესმენი, რომელიც რეალურად არც არასდროს ყოფილა ბიზნესმენი და წარსულში სხვადასხვა თაღლითობაში მონაწილეობდა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ჯამში, დაახლოებით 123 მილიონის ღირებულების ქონებაა დაყადაღებული საქმის ფარგლებში, ამოღებულია 700 ათასი ლარის ძვირფასეულობა, ავტომობილები, ოქრო, 6.3 მილიონის საწვავი.
მინისტრის თქმით, ამ მასშტაბის მსგავს თაღლითობასთან მომავალში ადგილი აღარ უნდა გვქონდეს და დიდი ინვესტირებაა გასაკეთებელი კომპიუტერულ პროგრამებში.