"პრობლემა ჩვენი ეკონომიკის სიმცირეა და არა ის, მცირე შემოსავლებს როგორ ვანაწილებთ"

პრობლემა ჩვენი ეკონომიკის სიმცირეა და არა ის, მცირე შემოსავლებს როგორ ვანაწილებთ. მე მგონი, ოპტიმალურად ვანაწილებთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მიმდინარე ხარჯები 2016 წლიდან, 26%-დან 23%-მდე შემცირდა და მიაჩნია, რომ მიმდინარე ხარჯების მეტი ქვემოთ სვლა უკვე მდგრადი აღარაა.

„ეს საკმაოდ კარგი ნორმაა, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ბიუჯეტია, ანუ მეტი გაქვს კაპიტალური და სხვა ხარჯებისთვის. ბოლო რამდენიმე წელია ოქროს შუალედი ნაპოვნია ჩვენს ფისკალურ პოლიტიკაში და ეს უნდა დავიჭიროთ.

ჩვენ თუ ისეთი ფისკალური პოლიტიკა გვექნება, რომ დღეს ბევრი დავხარჯეთ, მომავალ წელს აღარ გვექნება ის ეკონომიკური ზრდა, აღარ გვექნება შემოსავლები, გადასახადებს ვერ ვზრდით. მერე რა ვქნათ? მარტივად რომ ვთქვა, ეს არის ის, ჩვეულებრივად ოჯახს რა გამოწვევაც უდგას. შემოსავლის განაწილება მიმდინარე ხარჯებისთვის და ასევე ცოტა უფრო გრძელვადიანი ხარჯებისთვის, შვილის სწავლა იქნება, ეს თუ სხვა. ამის ბალანსია. ერთი მხრივ განვითარება, მეორე მხრივ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი მოქალაქეები“,-განაცხადა მინისტრმა.