ეკონომიკის მინისტრმა 100 საპრივატიზებო ობიექტი წარადგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ 100 საპრივატიზებო ობიექტი წარადგინა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო ქონების პროაქტიული პრივატიზება დაიწყო, რომლის მიზანსაც ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს.

აუქციონებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს უკვე დღეიდან შეუძლია.

პროექტის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აგრეთვე მთავრობის წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.

პროექტი, რომელიც თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა, 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებას და სახელმწიფო ქონების გამარტივებული პროცედურებით პრივატიზებას ითვალისწინებს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, პრივატიზების პროცესი იქნება გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ობიექტების ნუსხა მუდმივად განახლებადია და მას ბიზნესისთვის საინტერესო სხვა ობიექტები დაემატება.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს გამარტივებულ პროცედურას სთავაზობს, რომელიც გულისხმობს უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე წინასწარ არის მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა.

აუქციონზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად 2500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 200 მლნ ლარი იქნება.

ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ განთავსებულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ საპრივატიზებო რუკაზე, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს, გაეცნოს სხვადასხვა საინვესტიციო შეთავაზებას და დაინტერესების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში.

საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მოიცავს თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.