ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომლის მიზანს მხარეებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და სამომავლო პარტნიორობის დამყარება წარმოადგენდა. ამის შესახებ ინფორმაციას დამსაქმებელთა ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისს ამ დღისთვის 11 თურქული კომპანია ეწვია, ენერგეტიკის სექტორიდან. ამასთან, ფორუმს სფეროთი დაინტერესებული ადგილობრივი მეწარმეები დაესწრნენ და ორმხრივ(B2B) შეხვედრები გამართეს.
"ბიზნესფორუმი მიზნად ისახავს ქართული და თურქული კომპანიების დაკავშირებას. ჩვენი მიზანია, თურქეთისთვის საქართველო არა მხოლოდ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენდეს, არამედ აქცენტი გავაკეთოთ ერთობლივი საწარმოების შექმნაზე და საინვესტიციო გარემოზე. ასევე, გვსურს ყურადღება გავამახვილოთ საექსპორტო შესაძლებლობაზეც, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს. დღევანდელ ბიზნესფორუმზე წარმოდგენილი ენერგეტიკის სექტორზეა ორიენტირებული და ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით ერთობილივი პროექტების დაწყების საფუძველი გახდება,“ - განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ.
სამომავლოდ „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ სხვადასხვა სექტორული ბიზნესფორუმის გამართვას აანონსებს როგორც თურქულ, ისე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან.