ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო ფილარმონიის გაყიდვას ამ ეტაპზე არ განიხილავს.
„ფილარმონიის მმართველ კომპანიას კონტრაქტი შევუწყვიტეთ და დავა გვაქვს სასამართლოში დაგროვილი დავალიანების და ჯარიმის გამო. შევცვალეთ მენეჯმენტი და ამ ეტაპზე მენეჯერად ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომელია დანიშნული, რომელიც ინვენტარიზაციას აკეთებს. შემდგომში ვიმსჯელებთ უფრო პროფესიონალურ მენეჯმენტზე, რადგან ჩვენი ამოცანაა ეს კულტურული ცენტრი განვითარდეს და მაქსიმალურად დაიტვირთოს. პრივატიზაციას ამ ეტაპზე არ განვიხილავთ, ჯერჯერობით ვაწესრიგებთ“, - განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ფილარმონიის მმართველ კომპანიას ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა და ამასთან, დავალიანების დაფარვის მოთხოვნის მიზნით, რომელიც 3,5 მილიონ ლარს აჭარბებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.