წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ვერც ერთი სახელმწიფო საწარმო ვერ გაყიდა

წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ვერც ერთი სახელმწიფო საწარმო ვერ გაყიდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ბიუჯეტში 89 მილიონ ლარამდე თანხაა მობილიზებული სახელმწიფო ქონების გაყიდვის შედეგად, ჯამური ინვესტიციის მოცულობა კი 88 591 680 ლარია.

ამასთან, მიმდინარე წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით 1600 აუქციონი გამოცხადდა. უწყების წლიური საპრივატიზებო გეგმა 70 მილიონი ლარი იყო, თუმცა ქონების სააგენტოში ელოდებიან, რომ წლის ბოლომდე 100 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება გაიყიდება.

ცნობისთვის, დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ 100 საპრივატიზებო ობიექტი წარადგინა. სახელმწიფო ქონების გაყიდვის მიზნით აუქციონები დღეიდან იწყება. მინისტრის თქმით, აუქციონზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად 2500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 200 მლნ ლარი იქნება.

საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.