მაია ცქიტიშვილი 100 ობიექტის საპრივატიზაციოდ გამოტანაზე - ეს არის განვითარების შესაძლებლობა, რომელიც აქვს ჩვენს ბიზნესს, ეკონომიკას და ქვეყანას

ეს არის განვითარების შესაძლებლობა, რომელიც აქვს ჩვენს ბიზნესს, ეკონომიკას და მთლიანად ქვეყანას, - ასე შეაფასა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 100 ობიექტის საპრივატიზაციოდ გამოტანა.

„ძალიან საინტერესო ინიციატივაა, საუბარია 150 მილიონის ლარის ღირებულების ქონებაზე თბილისსა და რეგიონებში, სადაც ველით 200 მილიონის ოდენობის ინვესტიციის ჩადებას. ამ ობიექტების ბაზაზე აშენდება სასტუმროები, სამედიცინო და სასწავლო, ასევე სხვა პროფილის დაწესებულებები, რაც ნიშნავს დაახლოებით 2500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ დღეს სახელმწიფო ქონების პროაქტიული პრივატიზება დაიწყო, რომლის მიზანი ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და დასაქმების ხელშეწყობაა.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.