ქართულ ბიზნესს ძალიან საინტერესო და უპრეცედენტო ინიციატივა წარვუდგინეთ - დღეიდან 100 პარალელური ელექტრონული აუქციონი გაიმართება და უახლოესი თვეების მანძილზე, არანაკლებ 100 ობიექტი მუდმივად იქნება გამოტანილი აუქციონზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს 100 საპრივატიზებო ობიექტის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.
მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ აუქციონზე გამოტანილი ობიექტები წინასწარ მომზადებულია და მოხდა იმ პრობლემების გაანალიზება, რომელსაც ბიზნესი აწყდებოდა სხვადასხვა ნებართვის მიღების დროს.
„ჩვენ ძალიან კრიტიკულად მივუდექით საკუთარ თავს, თუ როგორ შეიძლებოდა დაგვეჩქარებინა პრივატიზაციის პროცესი. ამიტომ წინასწარ შევაფასეთ ობიექტები, შევათანხმეთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, სხვადასხვა უწყებებთან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ყველა ობიექტს ახლავს რეკომენდაცია, თუ რა ტიპის ბიზნესი შეიძლება განვითარდეს კონკრეტულ ადგილზე. თუმცა, როგორც თურნავამ განაცხადა, ბიზნესს შეუძლია შეცვალოს და თავისი შეხედულებით განავითაროს შეძენილი ობიექტი.
„ველოდებით, რომ ამ გზით, დაპირებისამებრ, ერთი ფანჯრის პრინციპით ავაწყობთ სერვისებს. საბოლოო ჯამში კი, ყველაფერი ეს მოგვცეს საშუალებას კვლავაც მაღალი ეკონომიკური ზრდა დავიჭიროთ. როგორც იცით, ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 5,7%-ს მიაღწია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ამ ციფრებს მიღმა უნდა იდგეს სამუშაო ადგილები და დღეს სწორედ ასეთი პროექტი შევთავაზეთ საზოგადოებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.