„ჰიუნდაი“ კორეის უმაღლეს ცათამბჯენს ააშენებს

სეულის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ „ჰიუნდაი მოტორსს“, ქალაქის დასახლება განგნამში, ქვეყანაში უმაღლესი ცათამბჯენის აშენების ნებართვა მისცა. პროექტის მიხედვით, ცათამბჯენის მშენებლობა 2026 წელს უნდა დასრულდეს და „ჰიუნდაი“ მასში საკუთარ შტაბ-ბინას გადაიტანს.

მშენებლობის დაწყება მომავალ წელს იგეგმება. პროექტის შესაბამისად, ცათამბჯენის სიმაღლე 569 მეტრია და დასრულების მომენტში, ის კორეაში უმაღლესი შენობა გახდება. პროექტის ღირებულება 3.7 ტრილიონი ვონია.

სეულის ხელისუფლება, კორეაში მეორე უდიდეს კონგლომერატს, ამ შენობის მშენებლობაზე ნებართვას 4 წლის განმავლობაში არ აძლევდა. ცათამბჯენში საკუთარი შტაბ-ბინის განთავსება „სამსუნგ ელექტრონიკსსაც“ სურდა, მაგრამ საბოლოოდ, „ჰიუნდაი“ 10 მილიარდი დოლარის გადახდაზე დათანხმდა. ეს თანხა, მსოფლიოს მეხუთე უდიდესი ავტოკომპანიის საბაზრო ღირებულებას დაახლოებით სამჯერ აღემატება.

მშენებლობის უფლების მისაღებად, „ჰიუნდაიმ“ ხელშეკრულება გააფორმა თავდაცვის სამინისტროსთან, რომელმაც პროექტისთვის საოპერაციო შეზღუდვა მოხსნა.

ცათამბჯენს 105 სართული ექნება და მასში ოფისების გარდა, საცხოვრებელი აპარტამენტებიც განთავსდება. მასში კონგლომერატის 30 ფილიალის 18 000 თანამშრომელი იმუშავებს.

ცათამბჯენის მშენებლობის ნაწილობრივ დაფინანსებაში, „ჰიუნდაის“ პარტნიორად ამერიკული ჰეჯ ფონდი „ელიოტ მენეჯმენტი“ ჰყავდა, თუმცა ნებართვის გაცემის გაჭიანურების გამო, მან პროექტი დატოვა. ამიტომ „ჰიუნდაიმ“ ახალი პარტნიორის ძებნა დაიწყო. კორეულ გიგანტს ზედიზედ ექვსწლიანი წამგებიანი პერიოდი ჰქონდა, რამაც მისი ფინანსური შესაძლებლობები შეზღუდა.