დღეის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში 450 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული, დარიცხული სარგებელი კი 13 მილიონ ლარზე მეტია, - ამის შესახებ „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა, ლევან სურგულაძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ლევან სურგულაძის თქმით, 29 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში 939 130 ადამიანია ჩართული. მათ შორის, 761 828 კერძო, ხოლო 218 687 საჯარო სექტორშია დასაქმებული. ამასთან, სქემაში ჩართულია 60 134 კერძო კომპანია.
„სულ საპენსიო შენატანები და დარიცხული სარგებელი შეადგენს 491 613 901 ლარს. ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე ნახევარ მილიარდ ლარს მივაღწევთ. დარიცხული სარგებელი კი მოსალოდნელია, რომ 17 მილიონს მიაღწევს. საპენსიო დანაზოგს ერიცხება 8.5-8.75% სარგებელი. საპენსიო სქემა დატოვა 163 403-მა ადამიანმა. მათ შორის, კერძო სექტორში დასაქმებულია 121 172, ხოლო საჯარო სექტორში 42 231 ადამიანი“, - აღნიშნა სურგულაძემ.