მისასალმებელია, რომ ამ კუთხით იდგმება კონკრეტული ნაბიჯები. მოვუწოდებდი ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი გააგრძელოს, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღამსრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამართული პრეზენტაციის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ვეფხვაძის თქმით, ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია ეკონომიკურად ღირებული ისეთი სახელმწიფო ქონების გამოყენება, რომელიც დღეს უსარგებლოა.
„იწყება პრივატიზაციის ახალი ტალღა და ამას აქვს მნიშვნელობა ყველასთვის, განსაკუთრებით ბიზნესისთვის, იმიტომ, რომ სახელმწიფო ქონებაში, რომელიც დევს და მისგან არანაირი სარგებელი არ აქვს არავის, ბიზნესი მოახდენს ინვესტირებას, დაასაქმებს ხალხს, ნახავს სარგებელს თავისთვისაც და სარგებელს მოუტანს ქვეყანასაც.
მისასალმებელია, რომ ამ კუთხით იდგმება კონკრეტული ნაბიჯები და ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი. მოვუწოდებდი ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, ეს პროცესი გააგრძელოს. გვაქვს სახელმწიფო საკუთრებაში მსხვილი ობიექტები, სადაც საჭიროა უფრო ეფექტიანი მენეჯმენტი და სწორედ კერძო ინვესტორია ყველაზე კარგი მენეჯერი, ყველაზე კარგი დამსაქმებელი, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვისაც და საკუთარი ბიზნესისთვისაც“ ,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო ქონების პროაქტიულ პრივატიზება დაიწყო, რომლის მიზანსაც ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. აუქციონებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს უკვე დღეიდან შეუძლია.
პროექტი, 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებას და სახელმწიფო ქონების გამარტივებული პროცედურებით პრივატიზებას ითვალისწინებს.