1.5 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია ყვითელი მიკროავტობუსების მმართველი კომპანიის შემოსავლები

მერია მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლებას გეგმავს. კახა კალაძემ ვიცე-მერს ორი კვირის ვადა მისცა, რომ შესაბამის კომპანიასთან ერთად წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, რომ 2020 წლიდან დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლება.

ცნობისთვის, დედაქალაქში ყვითელი მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანას შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ,,თბილისის მიკროავტობუსი“ 2011 წელს დაარსდა. ის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ოთხი კომპანიის - შპს ,,თბილ ლაინის“, შპს ,,კაპიტალ გრუპის“, შპს ,,ფაბლიქ ქარის“ და შპს ,,თბილ ქარის“ მართვას ახორციელებს. აღნიშნულმა კომპანიებმა ოცი წლის ვადით თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა მოიპოვეს.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორის თქმით, კომპანია პასუხისმგებლობით ეკიდება მიკროავტობუსების საკითხს, თუმცა, მისივე თქმით, არაერთი პრობლემაა, რამაც, კომპანია ზარალზე გაიყვანა იმ ფონზე, რომ წლებია მგზავრობის ტარიფი არ გადახედილა.

მისივე განცხადებით, დედაქალაქს 1 500 მიკროავტობუსი ემსახურება და ერთ წელში ცხადია, ვერ მოხერხდება მთლიანად ჩანაცვლება, მაგრამ კომპანია მზადაა, ტარიფის გადახედვის შემთხვევაში, ადეკვატურ ვადებში ავტოპარკი განაახლოს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ ფინანსური მაჩვენებლები. აღსანიშნავია, რომ კომპანიას წარმოდგენილი აქვს გასული წლის ინდივიდუალური ანგარიშგება, რომელიც შპს „თბილ ქარის“ ფინანსურ მაჩვენებლებს გვაჩვენებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ რეესტრში და ფინანსური ანგარიშგებების ვებგვერდზე „თბილისის მიკროავტობუსისა“ და „თბილ ქარის“ საიდენტიფიკაციო ნომერი ერთმანეთს ემთხვევა. თუმცა, ანგარიშგების თანახმად, „თბილ ქარის“ 100%-იანი წილის მფლობელი 2018 წლის ბოლოს თენგიზ ალფენიძე იყო; ხოლო რეესტრში ბოლო 2018 წლის ოქტომბრის ამონაწერით, შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელად გენერალური დირექტორი დავით ასანიძე ფიქსირდება.

როგორც კომპანიის 2018 წლის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, „თბილისის მიკროავტობუსმა“ გასული წელი მართლაც ზარალით დაასრულა. კერძოდ, წინა წელს კომპანიის შემოსავალი - 4 408 758 ლარი; თვითღირებულება - 2 035 723 ლარი; საერთო მოგება - 2 373 034 ლარი, კომპანიის წმინდა ზარალი კი - 1 501 885 ლარი იყო.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანია 13 166 373 ლარის აქტივებს ფლობდა, მისი საოპერაციო მოგება კი - 634 082 ლარია. გარდა ამისა, როგორც დოკუმენტშია აღიშნული კომპანიის დაგროვილი ზარალი 2018 წლის ბოლოსთვის 14 570 510 ლარი იყო.

თაია არდოტელი