საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდა

მადრიდში გამართული ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მე-60 საიუბილეო შეხვედრის ფარგლებში, საქართველო ოფიციალურად დასახელდა აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტად.

აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან.

შეხვედრას საქართველოს დელეგაცია ესწრებოდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ხატია წილოსანის ხელმძღვანელობით.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით ესპანეთის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის მინისტრი ლუის პლანასი გამოვიდა, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ორგანიზაციაში ახალი წევრის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ესპანეთის სამეფო მიესალმება საქართველოს გაწევრიანებას ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში და სთავაზობს მას ცოდნის გაზიარების, უახლეს ტექნოლოგიებზე წვდომისა და ზეთისხილის წარმოების ესპანური გამოცდილების გაზიარებას.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა საკუთარ გამოსვლაში განაცხადა, საქართველოს წევრობა აღნიშნულ ორგანიზაციაში მნიშვნელოვანია, ვინაიდან, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, ხარისხიანი პროდუქციისთვის გასაღების ბაზრებზე წვდომას და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით, სწორი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვას. ამასთანავე, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ზეთისხილს გააჩნია უნიკალური თვისება, ხელი შეუწყოს დეგრადირებული ნიადაგების აღდგენას და შეამციროს მავნე ზეგავლენა კლიმატზე. ამასთანავე, მისგან წარმოებული პროდუქტი ხელს უწყობს ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და გააჩნია პრევენციული მოქმედების უნარი მრავალი დაავადების წინააღმდეგ.

„ახალი პლანტაციების გაშენება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საბჭო საკუთარი წევრებისთვის ითვალისწინებს ინვეტიციების მოზიდვასა და საერთო სტანდარტით წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში ხელშეწყობას“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა, საქართველოს სახელით, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს ზეთისხილის ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი სვანიძე წარადგინა.

შეხვედრის დასასრულს, მადრიდში, ორგანიზაციის წინ, 17 ქვეყნის დროშის გვერდით საქართველოს დროშა აღიმართა და ეზოში, საქართველოდან ჩამოტანილი ზეთისხილის ნერგი დაირგო.

ქართული დელეგაცია წარმოდგენილი იყო, როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენლებით: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში, ანდორას, ალჟირის და მაროკოს სამეფოში, ილია გიორგაძე, საქართველოს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და კომპანიის „ქართული ტრადიციული მეღვინეობა“ დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო 1959 წელს დაარსდა და 17 ქვეყანას აერთიანებს. 2019 წელს თავმჯდომარე ქვეყანა ეგვიპტის სამეფო იყო.

საქართველოს დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში მადრიდის ათასწლოვანი ზეთისხილის რეკრეაციული ზონა დაათვალიერა, სადაც 500-მდე უნიკალური სახეობის ზეთისხილის ათასწლოვანი ხე იზრდება.