ამერიკელებმა „შავ პარასკევზე“ ონლაინ რეკორდულად მაღალი 7,4 მილიარდი დახარჯეს

აშშ-ის მცხოვრებლებმა „შავ პარასკევს“ რეკორდულად მაღალი, 7,4 მილიარდი დოლარი დახარჯეს ონლაინ შესყიდვებზე. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC სტატისტიკურ კომპანია Adobe Analytics-ის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. ორგანიზაცია ამერიკის 100-დან 80 უმსხვილეს ონლაინ რითეილერის მონაცემებს აანალიზებს.

მიმდინარე წლის მონაცემები 1 მილიარდით მეტიას გასული წლის „შავი პარასკევის“ მონაცემზე, როცა ამერიკელებმა 6,22 მილიარდი დახარჯეს. აქედან 2 მილიარდი დაიხარჯა საყიდლებზე, რომლებიც განხორციელდა სმარტფონებიდან, თუმცა 2019 წელს ეს მონაცემი გაიზარდა და 2,9 მილიარდი შეადგინა.

გარდა ამის, აბსოლუტური რეკორდი დამყარდა შარშან ე.წ. „კიბერ ორშაბათს“, როცა ამერიკელებმა ტექნიკაზე ინტერნეტ მაღაზიებში 7,9 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ანალიტიკოსების პროგნოზით, წელს „კიბერ ორშაბათის“ შარშანდელი რეკორდიც მოიხსნება და ეს ციფრი 9,4 მილიარდს მიაღწევს.

„შავი პარასკევი“ მადლიერების ხუთშაბათის შემდგომი დღეა და ის შტატებში სადღესასწაულო დღეების დაწყებასაც უდებს სათავეს. ტერმინი „შავი პარასკევი“ პირველად 1869 წელს ბირჯაზე დაფიქსირებული პანიკის ამსახველად გამოიყენეს, ხოლო თანამედროვეობაში მისი გამოყენება 1950-იანი წლებიდან იწყება, რაც საავტომობილო საცობებს აღწერდა, რომელიც იმ დღეს სავაჭრო ცენტრებთან იქმნებოდა. უკვე 1975 წლის ნოემბერში გაზეთმა The New York Times‎ ტერმინი „შავი პარასკევი“ გამოიყენეა როგორც ტრანსპორტის ყველაზე ძლიერი ნაკადის დღის და სავაჭრო ცენტრებში ყველაზე მეტი მომხმარებლის აღმნიშვნელი ტერმინი.

კოკა კვირკველია