საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 16% სარგებლობს.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, სულ გაცემულია 593 814 პოლისი, რაც 40 139-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის 9 თვეში სულ გაცემული იყო ჯანმრთელობის დაზღვევის 553 675 პოლისი.
ამასთან, 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 180,97 მლნ ლარი შეადგინა. მოზიდული პრემიისა და ბაზრის წილის მიხედვით, ყველაზე დიდი წილი „იმედი L“-ზე მოდის. კომპანიამ წელს ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში 62,11 მლნ ლარი მოიზიდა და შედეგად, ბაზრის 34% დაიკავა. ხუთეულში შედიან - „ჯიპიაი“ (42,51 მლნ ლარი); „არდი“ (25,75 მლნ ლარი); „ირაო“ (11,51 მლნ ლარი) და „პსპ“ (9,71 მლნ ლარი).
2019 წლის 9 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 481,85 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ შეადგინა 33,77 მილიონი ლარი, აქტივები შეადგენს 835,95 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 245,09 მილიონ ლარს.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, მესამე კვარტლის ბოლოს რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.