საპილოტე აგროდაზღვევა ყველა მსურველს დააზღვევს

რა კონკრეტულ სიკეთეს სთავაზობს საპილოტე აგროდაზღვევა ფერმერებს?

1 სექტემბრიდან საქართველოში ფერმერებისთვის აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა ამოქმედდა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამა ერთწლიანია, მისი ბიუჯეტი 5 მილიონ ლარს შეადგენს და ფერმერებს სადაზღვევო პრემიის 70%-დან 95%-მდე სუბსიდირებას სთავაზობს. ამასთან, სახელმწიფო სუბსიდირების მაქიმალური ლიმიტი კერძო ფერმერებისთვის - 30 ათასი, ხოლო კოოპერატივებისთვის 50 ათასი ლარია. პროგრამაში ხუთი სადაზღვევო კომპანიაა ჩართული: ”ჯიპიაი ჰოლდინგი”, ”ალდაგი ბისიაი”, ”აისი ჯგუფი”, ”ქართუ ჯგუფი” და ”ირაო”.

პროდუქტის სიძვირისა და მაღალი რისკების გამო აგროდაზღვევა საქართველოში იმდენად განუვითარებელია, რომ დღესდღეობით სადაზღვევო ინდუსტრიის სტატისტიკაში ცალკე პროდუქტადაც არ არის გამოყოფილი. შესაბამისად ცნობადობაც დაბალია. საპილოტე პროგრამის მიზანია, პირველ რიგში, აგრარულ სფეროში დასაქმებული პირების ცნობადობის და კონკურენტუნარიანობის ამაღლება რისკების შემცირების გზით, რასაც თავისთავად აგროდაზღვევის ბაზრის განვითარება უნდა მოჰყვეს. უფრო ნათელი რომ გახდეს მიმდინარე პროგრამის არსი, bpn.ge სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მარიანა მორგოშიას ესაუბრა.

- რა კონკრეტულ სიკეთეს სთავაზობს საპილოტე აგროდაზღვევა ფერმერებს?

- აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა ფერმერებს სთავაზობს მოსავლის დაზღვევას ოთხ სტიქიურ მოვლენაზე, როგორიცაა - საშემოდგომო ყინვა, სეტყვა, ჭარბი ნალექი და ქარიშხალი, ხოლო სადაზღვევო პრემიის 70%-დან 95%-მდე თანხას სადაზღვევო კულტურის შესაბამისად, ფერმერს სახელმწიფო დაუფარავს. ეს არის ძირითადი ბენეფიტი, რასაც ვთავაზობთ.

-გვალვა ისტორიულად დიდი პრობლემაა კახეთში, რაც წლევანდელმა წელმაც დაადასტურა, ამას არ დააზღვევთ?

-გვალვას არა. გვალვის საკითხი ზოგადად მსოფლიოში პრობლემატურია, უმეტესი სადაზღვევო კომპანიები ამ რისკის გადაზღვევას ვერ ახერხებენ. პროდუქტი იმდენად ძვირადღირებულია, თანადაფინანსების პროცენტშიც კი ძალიან ძვირი გამოვიდოდა. ამიტომ ბევრი კომპანია ვერ ახერხებს ამ პროდუქტის წარმოდგენას ბაზარზე.

-რა კრიტერიუმებით არჩევთ ბენეფიციარებს და დაახლოებით რამდენი ფერმერის დაზღვევას ვარაუდობთ?

-პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ფერმერს, ვინც სურვილს გამოხატავს, ვინც მოიყვანს მოსავალს, რომლის სახეობაზეც სტატისტიკურად ინფორმაცია იქნა მოძიებული გარკვეული პერიოდის მანძილზე. ბენეფიციარების ზუსტი რაოდენობის წინასწარ პროგნოზირება რთულია, მაგრამ ფერმერების მიერ გამოხატული ინტერესი და ამ პროგრამაში ჩართული მხარეების აქტიურობა მაქსიმალურად დადებით მოლოდინს ქმნის.

- კონკრეტულად რომელ კულტურებს დააზღვევთ?

- კულტურების ჩამონათვალი დიდია და დევს ჩვენს საიტზე apma.ge. ეს გახლავთ მარცვლეული, პარკოსნები, ბოსტნეული, ბაღჩეული, კენკროვანი, კაკლოვანი კულტურები - ყველაფერი, რაც ტრადიციულად მოდის საქართველოში.

- 70-დან 95%-ის ფარგლებში რომ იხდის სახელმწიფო, როგორ ხდება ბენფიციარისთვის კუთვნილი პროცენტის განსაზღვრა?

- პირველ რიგში, პროცენტი და თანადაფინანსება დადგენილია კულტურის მიხედვით, ეს დეტალურად არის გაწერილი ცხრილში ჩვენს საიტზე. ეს ცხრილი გახლავთ სახელმძღვანელო ყველა მსურველისთვის. ცხრილშია მოცემული დაზღვევის პრემიის მაქსიმალური ზღვარი, თანადაფინასების პროცენტი, როგორც პროექტების მართვის სააგენტოს [ანუ სახელმწიფოს], ისე ფერმერის მხრიდან, მოცემულია ნორმატიული ფასი ერთ კილოგრამზე და დაინტერესებული პირი დათვლის ყველაფერს.

მაგალითად, დაზღვევის პრემიის მაქსიმალური ზღვარი 11%-ია მანდარინის და ლიმონის შემთხვევაში, აქედან 8%-ს იხდის სააგენტო და 0.5-3%-ის ფარგლებში ფერმერი. ეს 0.5-3% არის სწორედ ის სივრცე რაც დავტოვეთ, რომ სადაზღვევო კომპანიები კონკურენციაში შევიდნენ და ფასი დააკლონ. ამიტომ გვაქვს დადგენილი მაქსიმალური ზედა ზღვარი და არა ფიქისრებული ტარიფი. სადაზღვევოს, მაგალითად შეუძლია, რომ დააზღვიოს 11%-ზე დაბალა, დავუშვათ 10%-ად და გამოვა, რომ თუ ფერმერს 0.5-3%ის ფარგლებში აქვს გადასახდელი ციტრუსზე, მაქიმალური 3%-ის ნაცვლად გადაიხდის 2%-ს.

-აგროდაზღვევის სიძვირე არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. თქვენი პროგრამის სადაზღვევო ტარიფი როგორ განისაზღვრება?

- ბევრი კომპონენტის მიხედვით ხდება გაანგარიშება. მაგალითად, მარცვლეულზე სადაზღვევო ტარიფის, ანუ პრემიის ზედა ზღვარი არის 8%, რაც ნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანია ამ კულტურას მოსავლის ღირებულების 8%-ში დააზღვევს იმ რისკებზე, რაც ჩამოვთვალე (სეტყვა, ყინვა, ქარიშხალი, ჭარბი ნალექი). ეს არის, რასაც სახელწმიფო და დამზღვევი, ანუ ფერმერი იხდიან ერთად. ზარალის შემთხვევაში კი სადაზღვევო 100%-ით (ფრანჩიზის გამოკლებით) აანაზღაურებს ზარალს. მაგრამ დაზღვევის ტარიფი, ანუ სადაზღვევოს პრემია რაც გადასახდელია, ჯამში არის ამ შემთხვევაში 8%. აქედან სახელმწიფო იხდის 6%-ს და 0.5-2%-მდე იხდის ფერმერი. მაქსიმალური ზედა ზღვარი მერყეობს 8-16%-ში კულტურების შესაბამისად. ყველას, ვისაც აინტერსებს დეტალები, უნდა ჩახედოს ცხრილს ჩვენს საიტზე, ან უნდა დარეკონ კომპანიების, ან ჩვენს ცხელ ხაზზე: 032 247 01 01

- თანხობრივად დაახლოებით რამდენი გამოდის ფერმერის წილი?

- მაგალითად, ავიღოთ ციტრუსი, რადგან ამასთან დაკავშირებით გვქონდა პირველი შეხვედრა აჭარაში [12 სექტემბერს]. 1 ტონა მანდარინზე ფერმერს სულ გადასახდელი ექნება 2.40 ლარი წლიურად. საკმაოდ დაბალი ფასია და ინტერესიც დიდი გამოიწვია. იგივე ციტრუსის შემთხვევაში, წლიური სადაზღვევო პრემიის მაქსიმალური ზღვარია 11%, 0.5%-დან 3%-მდე იხდის ფერმერი და ხოლო 8%-ს სუბსიდირებს სახელმწიფო.

- რამდენად ზუსტად არის განსაზღვრული ზარალის ანაზღაურების პირობები?

- ისევ ჩვენი ცხრილი არის სახელმძღვანელო, იქ არის ნორმატიული ფასები კილოგრამზე, მაგალითად კილოგრამ ხორბალზე 54 თეთრია. ვიცით, რა რაოდენობის მოსავალი იქნება დაზღვეული რაოდენობაში და თუ აღნიშნული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანდება მოსავალი, ექსპერტი შეაფასებს, რა წილია დაზიანებული და ამის შესაბამისად მოხდება ანაზღაურება. რადგან ეს აგროდაზღვევის პროგრამა არის პირველი შემთხვევა, სადაზღვევოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროს განვითარება და მათ ინტერესშია, რომ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ ფერმერს, რომ არ იყოს შემდეგ რამე პრეტენზია.

- რამდენად ჯანსაღია კონკურენცია კომპანიებს შორის?

- კომპანიებიც თავისუფლები არიან რეგიონის არჩევანში და ფერმერებიც სურვილისამებრ ირჩევენ კომპანიებს.

- გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ზეწოლას ახდენენ ფერმერებზე „ქართუ ჯგუფის“ სასარგებლოდ. „გურიის მოამბე“ იუწყება, რომ გურიაში „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაზღვეულები გადავიდნენ „ქართუ ჯგუფში“ ამ ზეწოლის შედეგად.

- ეს სიმართლეს არ შეესაბამება. როგორ იყო „ქართუ ჯგუფი“, როცა პირველი ინფორმაციული კამპანია ვისთანაც ჩატარდა და პირველი პოლისი ვინც გასცა, ეს იყო „ჯიპიაი ჰოლდინგი“. თან, დაზღვეულებს თანხა წინასწარ აქვთ გადახდილი.

- რამდენად მზად არიან ფერმერები ამ პროდუქტისთვის, ინფორმაცია არა აქვთ, როგორც ვიცი, რომ აგროდაზღვევის პროგრამა დაიწყო.

- ახლა დაიწყო საინფორმაციო კამპანია. რეგიონებში დავდივართ სადაზღვევო კომპანიებთან ერთად, აჭარაში უკვე ვიყავით, მომდევნო კვირაში დაგეგმილია სხვადასხვა რეგიონებში ვიზიტი. ვიწვევთ ფერმერებს და ვატარებთ გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს, ტელევიზიით შუქდება ყველაფერი, იქნება სატელევიზიო რეკლამებიც. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა ფერმერამდე მივიდეს ეს ინფორმაცია.

- ყველა განვითარებული აგრარული სექტორის მქონე ქვეყანაში, განსაკუთრებით ჩვენს მეზობელ თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში, სადაც თავისუფალ ვაჭრობას ვიწყებთ, სახელმწიფო სუბსიდირება ძალიან დიდია. ეს ერთწლიანი პროგრამა თუ გაგრძელდება და მიიღებს უფრო მასშტაბურ სახეს?

- დასაწყისისთვის ამ საპილოტე პროგრამით ვცდილობთ მაქსიმალური შედეგების მიღწევას. წლის ბოლოს შეჯამდება ინფორმაცია და მერე რა სახით გაგრძელდება პროგრამა, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით. ამაზე მხოლოდ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ შეიძლება საუბარი. არსებობს სახელმწიფო ნება, რომ განავითაროს აგროდაზღვევის სექტორი და ფერმერები ფეხზე დააყენოს. ეს არის პირველი ნაბიჯი და ამას მოყვება გაანალიზებული ნაბიჯები ისე, რომ ფერმერი არ დაზარალდეს.

ნინო ფაცურია