Bild: აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციებს სამხედრო ბიუჯეტში გაწერს

ამერიკის კონგრესის სენატი პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების გაწერას მომავალი წლის სამხედრო ბიუჯეტში გეგმავს. მის მიღებას კი შობამდე შეეცდება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გაზსადენის მშენებლობა უახლოეს თვეებში უნდა დასრულებულიყო და კონგრესმენებს არ რჩებათ დრო ფართომასშტაბიანი სანქციების მოსამზადებლად. ამიტომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება გვერდი აუარონ ამ გართულებას და ის სამხედრო ბიუჯეტში გაწერონ. როგორც გამოცემა წერს, თეორიულად სანქციებმა შესაძლოა, მოიცვას შვეიცარული კომპანია Allseas-ი, რომელიც დაკავებულია მილების ფსკერზე განლაგებით და გერმანული Uniper-ი, რომელიც ასევე ჩართულია პროექტის მშენებლობაში.

შეგახსენებთ, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ითვალისწინებს ორხაზიანი გაზსადენის მშენებლობას ბალტიის ზღვის ფსკერზე რუსეთიდან გერმანიის მიმართულებით. პროექტის ღირებულება შეადგენს 9.5 მილიარდ ევროს. ამერიკის მსგავსად პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან ევროპის ცალკეული ქვეყნები, მათ შორის, პოლონეთი, უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

კოკა კვირკველია