აფბა: ფინანსური მონიტორინგის სამსახურის რეფორმა უნდა დაჩქარდეს

„წინა ხელისუფლების დროს პროკურატურის კადრებით დაკომპლექტებული სამსახური ეფექტურად ვერ მუშაობს"

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" მიიჩნევს, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის რეფორმა უნდა დაჩქარდეს და მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაწყებული მოვლენები, რომელიც სამსახურის რეორგანიზაციას გულისხმობდა, დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე. ამის შესახებ ორგანიზაციის წევრებმა სააგენტო „პირველის პრეს-კლუბში" გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

მათი განცხადებით, 2014 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა ცვლილებები „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონში. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის მიხედვით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის რეორგანიზაცია კანონის ამოქმედებიდან 2 თვეში უნდა მომხდარიყო, კერძოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა განეხორციელებინათ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დასაფინანსებლად საჭირო ღონისძიებები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უნდა უზრუნველეყო ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა, ხოლო საქართველოს მთავრობას და საქართველოს ფინანსთა მინისტრს უნდა უზრუნველეყოთ სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა.

"აფბას" პრეზიდენტის, ნოდარ ჭიჭინაძის თქმით, აღნიშნული 2 თვის ვადა უკვე გასულია და კონკრეტული შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. ამიტომ, „აფბა" მიმართავს მთავრობას, დააჩქაროს ის ნაბიჯები, რომლებიც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის რეორგანიზაციისთვისაა საჭირო, ვინაიდან დღეს აღნიშნულ სამსახურში ისევ ის კადრები მუშაობენ, რომელთა „დამსახურებითაც" ფინანსური მონიტორინგის სამსახური იყო პოლიტიზირებული და არაეფექტიანი უწყება.

გარდა ამისა, „აფბა" მიიჩნევს, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური რეალურად დამოუკიდებელი და აპოლიტიკური არასდროს ყოფილა. ამას მოწმობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2012 წლის 3 ივლისის ანგარიში. გავლენიანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან დაკავშირებით ქვეყანაში არასათანადო უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და კოორდინაციის შესახებ მიუთითებს (1357-ე და 1371-ე პუნქტები), აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ანალიტიკური ფუნქციების სისუსტეზე (327-ე და 328-ე პუნქტები).

„ვფიქრობთ, აღნიშნული ფაქტები საკმარისი წინაპირობა იყო და არის სამსახურის რეფორმირებისთვის და სწორედ ამიტომ ახალგაზრდა ფინანსისტები მხარს ვუჭერთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონში შესულ ცვლილებებს",–დასძენს ჭიჭნაძე.