1,1 მლრდ კბ/მეტრი ბუნებრივ აირი ტრანზიტისთვის - რა სარგებელს მიიღებს საქართველო TANAP-ის პროექტიდან

თურქეთში სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი - ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) ოფიციალურად გაიხსნა. ეს არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს გავლით შახდენიზის საბადოებიდან ბუნებრივი აირის ექსპორტს ევროპაში, რაც საქართველოსთვის დამატებით სარგებელს მოიტანს.

კერძოდ, დღეის მდგომარეობით, საქართველო აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-ს განხორციელებული ტრანზიტისთვის წილის სახით იღებს, რაც წელიწადში 300 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეადგენს, 6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ. თუმცა, მომავალში, როდესაც სამხრეთის გაზის დერეფნის საშუალებით წლიურად 23 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანზიტი განხორციელდება, საქართველო წლიურად 1.1 მილიარდზე მეტ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს.

ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. TANAP-ის მილსადენი კი, წლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს გაატარებს. მომავალში დაგეგმილია გამტარუნარიანობის გაზრდა, 2023 წლისთვის - 23 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2026 წლამდე - 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

ცნობისთვის, TANAP ეს არის მილსადენი, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს და თურქეთის გავლით გადის. მისი მშენებლობა კი ფორმალურად 2015 წლის მარტში დაიწყო. მილსადენის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2,700 მეტრია, ხოლო სიგრძე - 1804 კმ.

პროექტის იდეა პირველად 2011 წელის ნოემბერში, სტამბოლში ორგანიზებული მესამე შავი ზღვის ენერგეტიკისა და ეკონომიკის ფორუმზე გაჟღერდა. ამავე წლის დეკემბერში თურქეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს მილსადენის განვითარების შესახებ. 2012 წელს კი, აზერბაიჯანის ეროვნული ნავთობის კომპანიამ განაცხადა ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებზე მუშაობის შესახებ. 2012 წლის 26 ივნისს სტამბოლში ხელი მოეწერა მილსადენის მთავარ სამთავრობათაშორისო შეთანხმებას. ხოლო, 2015 წელს ყარსში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, აზერბაიჯანისა და თურქეთის პირველ პირებთან ერთად, საძირკველი ჩაუყარეს პროექტის ამოქმედებას.

ნინი ქეთელაური