„სასამართლოში სიარულით არ დავიღლებით და ყოველ ჯერზე გავიმეორებთ, რომ ივანიშვილს და მის ოცნებას საქართველოში მომავალი არ გააჩნია"

ჩვენ არ დავიღლებით სასამართლოში სიარულით და ყოველ ჯერზე გავიმეორებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის ოცნებას საქართველოში მომავალი არ გააჩნია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბიზნესმენმა, საზოგადობრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „თიბისი ბანკის" საქმეზე სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მამუკა ხაზარაძე აცხადებს, გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან წასვლაა.

„გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ერთია, ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაიაზროს და დატოვოს ქვეყანა. მისი რუსული მენტალობით, იმ მეთოდებით, რომლითაც ის ქვეყანას მართავს, საქართველოს მომავალი არ გააჩნია. ამიტომ ვიდრე ქვეყანა შევიდა ღრმა კრიზისსა და დაპირისპირებაში, მას აქვს შანსი, ეს ყველაფერი აირიდოს. ის ზღაპრები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ მისი ინტერვიუდან და ის გაუგონარი ფანტაზია, რომელიც არაფერში არ ეტევა, ამ ფანტაზიასთან ერთად უნდა გაემგზავროს ამ ქვეყნიდან. ვისითაც გვაშინებს იმას ელაპარაკოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ჩვენ დაგვანებოს თავი. ჩვენ ავაშენებთ ახალ ქვეყანას. შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს და ეს ქვეყანა იქნება წარმატებული“,-განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).