პროკურატურის ლოგიკა დაახლოებით ისაა, რომ ბადრის და მამუკას წინასწარ უნდა ევარაუდათ, რომ აგვისტოს ომი და მსოფლიო კრიზისი მოხდებოდა და ასე დაეგეგმათ ფულის გათეთრების სქემა, რაც აბსურდია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის" ბრალდებული დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც კორძაძე აცხადებს, სადავო ტრანზაქციებიდან ბიზნესმენებმა არათუ სარგებელი მიიღეს, არამედ მათი წილები ბანკში მნიშვნელოვნად შემცირდა.
„დღეს პროკურატურის განცხადებაში პირველად გაჩნდა ასეთი ფრაზა, რასაც ჰქვია სარგებლის მიღება მთელი ამ სიტუაციიდან. უცნაურია, რომ პირველად გაჩნდა და თან გაჩნდა უსაფუძვლოდ იმიტომ, რომ ამ ტრანზაქციების შედეგად ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ არათუ სარგებელი მიიღეს, არამედ „თიბისი ბანკში“ 80%-იანი წილიდან 20%-ზე ჩამოვიდნენ.
ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ტრანზაქციები 2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სადაც ჩანს, რომ მათ წილი შეუმცირდათ, ამიტომ ეს არგუმენტი, რომლიც დღეს გაჩნდა, გაბათილებულია“,-განაცხადა კორძაძემ.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).