ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ბორჯომში არსებული რეკრეაციული ზონებისათვის მულტიფუნქციური მზის ენერგიაზე მომუშავე სკამები შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეიდან ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიღება და მობილური ტელეფონისა თუ სხვა ელექტრონული მოწყობილობების დატენვა ქუჩაში სრულიად უსასყიდლოდ შეეძლებათ. Wi-Fi მიმდებარე ტერიტორიას 30 მეტრ რადიუსზე დაფარავს.
სკამები ელექტრო ენერგიას მასზე დამონტაჟებული მზის ბატარიებით მიიღებს, აქედან გამომდინარე, ის ეკოლოგიურადაც სუფთა იქნება, ღამე კი ეკო-კონსტრუქცია განათების ფუნქციას შეასრულებს.
პირველ ეტაპზე სკამები მტკვრის მარცხენა სანაპირო სკვერში 2 ლოკაციაზე, ასევე მუსიკალური სკოლისა და მტრედის ხიდის მიმდებარე სკვერებში დამონტაჟდა.
მუნიციპალიტეტი ეკოდამტენი სკამების განთავსებას მომავალშიც გეგმავს.