ახალი წლის მისალოცი კლიპი მერიას 125 000 ლარი დაუჯდება

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ “საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო” 2020 წლის შესახვედრად და დედაქალაქში საახალწლო განწყობის შესაქმნელად თბილისის მოსახლეობისთვის მისალოცი ვიდეო რგოლის დამზადებას გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამარტივებული შესყიდვა უკვე გამოცხადებულია.

წინადადება ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია, განხილვის საბოლოო ვადა კი 4 დეკემბერია. ახალი წლის მისალოცი ვიდეო რგოლის გადაღება-დამზადება ღირებულებად დოკუმენტაციაში 125 000 ლარია განსაზღვრული.

„ზემოაღნიშნული ღონისძიებები მოსახლეობისთვის საახალწლო განწყობის შექმნას ემსახურება. სააგენტოს მიზანია პირდაპირი კომუნიკაცია იქონიოს მოსახლეობასთან. მიგვაჩნია, რომ ქალაქის თვითმმართველი ორგანოს მხრიდან თბილისის მოსახლეობისათვის ახალი წლის მილოცვა ერთგვარად კეთილგანწყობისა და ყურადღების გამომხატველი ჟესტია,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ მერიას, მათ შორის შპს „თბილსერვის ჯგუფს“ გამოცხადებული ჰქონდა რამდენიმე ტენდერი ნაძვის ხის, განათებების, განათებული კონსტრუქციებისა და აქსესუარების, თუ სხვა ინვენტარის შესყიდვის მიზნითაც. ჯამში, ახალი წლის ღონისძიებებთან დაკავშირებული გამოცხადებული ტენდერების ღირებულება - 3.9 მლნ ლარამდეა. მათ შორის იგულისხმება, ტენდერი, რომელიც დედაქალაქში „სანტას კომპლექსის“ მოწყობას გულისხმობს.

ამასთან, როგორც უკვე გამოცხადებული ტენდერებიდან ირკვევა, ნაძვის ხისა და განათებული კონსტრუქციების მოწოდებას მერიისთვის იტალიური კომპანია IDO SRL-ი განახორციელებს. მხოლოდ ალუმინის საშობაო ნაძვის ხის შესყიდვის მიზნით მერიას 1 100 000 ლარიანი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. იტალიურ კომპანიასთან კი ხელშეკრულება 304 848 ევრო გაფორმდა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 2019 წელს თბილისის მერიამ (მათ შორის შპს „თბილსერვის ჯგუფმა”) საახალწლო ღონისძიებებისთვის ჯამში, დაახლოებით 5.3 მილიონი ლარი გაიღო, საიდანაც 36% უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვის გზით დაიხარჯა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მთავრობის განკარგულებით შპს „თბილსერვის ჯგუფს“ საახალწლო ღონისძიებების განსახორციელებლად 4 მილიონი ლარი გამოეყო. 2019 წლის 5 თებერვლისთვის აღნიშნული თანხიდან 3 560 735 ლარი იყო დახარჯული. გარდა ამისა, ილუმინაციების მონტაჟისთვის შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 63 567 ლარი.

თაია არდოტელი