აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საფრანგეთიდან იმპორტირებულ 2.4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფს 100 პროცენტამდე გაზრდის, - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედიასაშუალებები ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, გაზრდილი ტარიფები შეეხება საფრანგეთიდან იმპორტირებულ შამპანურს, ხელჩანთებს, ყველს და სხვა პროდუქტებს.
ამ ნაბიჯით აშშ პასუხობს საფრანგეთის მიერ ციფრულ სერვისებზე დაწესებულ გადასახადს.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისი აცხადებს, რომ საფრანგეთის მიერ დაწესებული ბეგარა, რომელიც საერთაშორის საგადასახადო პრინციპებსა და პოლიტიკასთან სრულ შეუსაბამობაშია, აზარალებს ამერიკულ კომპანიებს, მათ შორის Alphabet Inc’s Google (GOOGL.O)-ს, Facebook Inc (FB.O)-ს, Apple Inc (AAPL.O)-სა და Amazon.com Inc (AMZN.O)-ს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა მიიღო კანონი, რომლითაც ციფრულ სერვისებს 3 პროცენტიანი ბეგარა დაუწესა. კანონი ეხებათ იმ კომპანიებს, რომელთა შემოსავალიც საფრანგეთში 25 მილიონ ევროზე მეტი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით - 750 მილიონი ევროა.