ბრიტანულ-ჰოლანდიური კომპანია Royal Dutch Shell-ი ჩრდილოეთის ზღვაზე მდებარე Brent-ის საბადოზე ნავთობის მოპოვების შეწყვეტას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი იუწყება.
გაზეთის ცნობით, აღნიშნული კომპანია, ამ დარგის სხვა კომპანიების მსგავსად აპირებს უარი თქვას ნავთობის მოპოვებაზე მსხვილ საბადოებზე მცირე საბადოების სასარგებლოდ.
როგორც ცნობილია, საბადო Brent-ი კომპანიამ Royal Dutch Shell-მა 1971 წელს აღმოაჩინა და მას სახელი იხვისებრთა ოჯახის ფრინველის brent goose-ის პატივსაცემად უწოდა.
აღნიშნულ საბადოზე ნავთობმოპოვების პიკი 1982 წელს დაფიქსირდა, როცა ერთ დღე-ღამეში 500 ათასი ბარელი ნავთობის მოპოვება მოხდა. საუკუნის მიწურულისკენ მოპოვებამ იკლო, ვინაიდან ის კონკურენტების ფასთან შედარებით, რომელბიც ნავთობს სხვა რეგიონებში მოიპოვებდნენ, ძალიან ძვირი იყო.
1980-იანების ბოლოს Brent-ის ტიპის ნავთობი გახდა ეტალონი, რომლის მიხედვითაც ხდება დღეს სხვა ტიპის ნავთობის ფასის ფორმირება. ის ინდუსტრიაში საკვანძო როლს თამაშობდა 40-ზე მეტი წლის განმავლობაში.